შსს ცნობით, აქციებზე ჯამში 133 პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან 8 მარტს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას არცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები 8 მარტს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აქციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მობილიზებული იყვნენ.
საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სიტყვით გამოსვლისას, შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება. აქციის მიმდინარეობისას, საპოლიციო ძალები განთავსებული იყო პარლამენტის შენობაში, რათა არ მომხდარიყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებთან.
მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. შეკრებილები აგრესიულად იქცეოდნენ და დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, რკინის ცხაურები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებსა, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას, რასაც შესაძლოა, გამოეწვია მძიმე შედეგი. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა თანდათან უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა წესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
პოლიციამ არაერთხელ სცადა დაძაბული სიტუაციის განმუხტვა - აგრესიული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაარიდა და აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა.
აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანას, დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი, სახანძრო ავტომანქანა, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების ფასადები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დააზიანეს თბილისის მერიის სამსახურების საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება, მათ შორის ცეცხლი წაუკიდეს ქუჩაში მდგარ ურნებს, დაამტვრიეს სკამები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს.
აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-მდე თანამშრომელმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავდნენ მოქალაქეებიც.
სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, 66 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.
საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 პირია დაკავებული“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.