სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივანთან განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები როგორც საზღვაო, ისე ავიაციის სფეროში, მათ შორის პირდაპირი ფრენების მიმართულებით - თამარ იოსელიანი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივან ლაუ პიტ მენგთან. შეხვედრა ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში შედგა.
საქართველოსა და სინგაპურს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საზღვაო დიგიტალიზაციის, მწვანე პორტების განვითარებისა და მდგრადი ტრანსფორმაციის მიმართულებით - შეხვედრისას მხარეებმა ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს. ამასთან, ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სისტემებს, ჰიდროგრაფიულ მომსახურებებს, ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ინოვაციურ პროექტებს.
„ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი მხრიდან ხაზი გავუსვით შუა დერეფნის, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი საკვანძო სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის და მისი განვითარების პროცესში საქართველოს მნიშვნელობას. მივესალმებით სინგაპურის გამოცდილების გაზიარებას პორტების ეფექტიანობისა და ლოგისტიკის ოპტიმიზაციის სფეროში", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივანთან შეხვედრისას ასევე განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების საკითხი. თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებულ ზრდის დინამიკასა და ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით გაწეულ სამუშაოზე. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის ფრენები შესრულდა - რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 6 556.
„შეხვედრისას საუბარი ასევე წარიმართა ისეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, როგორებიცაა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და მათ როლზე ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის ზრდის თვალსაზრისით", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო მზადაა სინგაპურთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს დიგიტალიზაციას, მწვანე განვითარებას, უსაფრთხოებასა და საზღვაო ინოვაციას. როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, საქართველო კომპლექსურ ციფრულ რეფორმებს ახორციელებს, მათ შორის Maritime Single Window-ისა და Port Community System-ის განვითარებას. მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინგაპურის გამოცდილება სრულად ინტეგრირებული ციფრული პორტის ეკოსისტემის შექმნის საკითხში.
„საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს თანამშრომლობას და ხედავს ძლიერ პოტენციალს პარტნიორობის გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს საზღვაო სექტორში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა სინგაპურელ კოლეგასთან საუბრისას.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.