სიცრუეა თითქოს ცესკო სხდომის ჩატარებას ქალაქგარეთ გეგმავს - ცენტრალური საარჩევნო კომისია
ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის შემაჯამებელი სხდომის ჩატარებას ცესკო ქალაქგარეთ გეგმავს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცესკოში სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცესკოს სხდომის დანიშვნის და გამართვის წესი რეგულირდება ცესკოს რეგლამენტით, რომელიც ზოგადად იძლევა გასვლითი სხდომების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ განიხილავს სხდომის ცესკოს შენობის მიღმა ჩატარების საკითხს.
ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს და მედიას, არ გაავრცელონ ისეთი ტიპის ინფორმაციები, რომლებიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად:
„დღეს დილიდან საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები, მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიის ნაწილი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომის ჩატარებას ცესკოს შენობის გარეთ, ქალაქგარეთ გეგმავს. მათივე ინფორმაციით აღნიშნულ სხდომაზე იგეგმება 26 ოქტომბრის არჩევნების შეჯამება. საარჩევნო ადმინისტრაცია უარყოფს ამ დეზინფორმაციას და განმარტავს, რომ ცესკოს სხდომის დანიშვნის და გამართვის წესი რეგულირდება ცესკოს რეგლამენტით, რომელიც ზოგადად იძლევა გასვლითი სხდომების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ განიხილავს სხდომის ცესკოს შენობის მიღმა ჩატარების საკითხს. ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებს კანონით დადგენილ ვადებში, ცესკოში გამართულ სხდომაზე.მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს და მედიას, ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია განცხადებაში.
https://www.facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia/posts/1016087513893599
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.