სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. კანონში ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
მომხსენებლის თქმით, კანონპროექტი ემსახურება მეღვინეობის და მევენახეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას.
ზურაბ ეზუგბაიას ინფორმაციით, კანონს ემატება ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება და განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი.
„თანხმობა ხელს შეუწყობს მევენახეების მიერ სერტიფიცირებული ვაზის ჯიშების გამოყენებას, რათა თავიდან ავიცილოთ საქმიანობის პროცესში შესაძლო ზიანი და დამატებითი დანახარჯები. აღნიშნული უზრუნველყოფს, რომ ქართული ღვინის პროდუქციის სტანდარტი სათანადო დონეზე დავიცვათ“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.
ცვლილებების თანახმად, ახლებურად ყალიბდება ეტიკეტის ცნება. ზურაბ ეზუგბაიას თქმით, კანონი მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება.
სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, მსოფლიოში არსებობს ძლიერი კონკურენცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააფართოოს ღვინის გაყიდვების არეალი.
„მსოფლიომ უკვე იცის, რომ საქართველოში 8000 წელია უწყვეტად მიმდინარეობს ვენახების გაშენება, ყურძნის მოყვანა და ღვინის წარმოება. ვალდებულები ვართ, მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ ამ მიმართულებებზე, რომ ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე აღიქმებოდეს როგორც მაღალი ხარისხის პროდუქცია“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
კომიტეტმა კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
სხვა სიახლეები
ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ
22.09.2026.16:46
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის მზადებას. პროცესის მიმდინარეობის გასაცნობად ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და წევრები არჩილ ანასაშვილი, გიორგი ძაგანია, მაია ზარიძე, დიმიტრი ჯავახაძე და მამუკა კაციტაძე ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდნენ. ცესკოს ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ თითოეულ აქტივობას, რომელიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ხორციელდება. შეხვედრას ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძემ მონაწილეებთან განაცხადა, რომ სამზადისი შუალედური არჩევნებისთვის სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
ამომრჩეველთა მაღალ დონეზე მომსახურება კენჭისყრის დღეს, საარჩევნო პროცედურების ზედმიწევნით და კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელება, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესი შეხვედრის განხილვის ძირითადი თემები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ადმინისტრატორების მაღალ პასუხისმგებლობაზე და აღნიშნა, რომ 3 ოქტომბრის არჩევნები, უკვე ორგანიზებული არჩევნების მსგავსად მაღალპროფესიულ დონეზე წარიმართება. მისივე თქმით, იმის მიუხედავად თუ რა მასშტაბის არჩევნები იმართება, საარჩევნო მოხელეები ყოველთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ კენჭისყრის დღის შესაბამის დონეზე ორგანიზებისთვის.
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.