სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვა და ამ პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. ცირკულარული ეკონომიკის განვითარება ქვეყნისთვის უდიდესი შესაძლებლობა და ამავე დროს, დიდი გამოწვევაა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრის ძირითად მიზანს ხმარებიდან ამოღებული საბურავების დამუშავების საინვესტიციო შესაძლებლობების და ცირკულარულ ეკონომიკაში გენდერული და სოციალური ჩართულობის საკითხების განხილვა წარმოადგენდა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების განვითარების საკითხზე.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანია COWI-ისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.