სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება არის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მესიჯი, თუ რამდენად სიღრმისეულია პარტნიორობა - მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთში ვიზიტზე
„ყაზახეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით მზარდია", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, საქართველოს მიმართ ყაზახეთის ინტერესი მზარდია.
„ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, კონკრეტულად შუა დერეფნის კონტექსტში.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ვხედავთ, რომ მზარდია ტვირთნაკადი. მე მინდა აქცენტი გავაკეთო ასევე შუა დერეფნის კონტექსტზე, სადაც საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი. შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის", - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყაზახეთში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა დერეფნის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. მისივე განცხადებით, ყაზახეთი განაგრძობს ინვესტირებას საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში და ამ მიმართულებით ინვესტიციები მომავალშიც გაგრძელდება.
„შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ზოგადად ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების არსებობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მზარდია პირდაპირი ფრენები, რასაც თან სდევს, რა თქმა უნდა, ტურისტული ნაკადების ინტენსიური ზრდა. მინდა აქცენტი გავაკეთო, რომ ზოგადად ყაზახეთი გამორჩეულად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმის, ვაჭრობის, ისევე როგორც სატრანსპორტო და ზოგადად ლოგისტიკური თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ეს არის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მესიჯი, თუ რამდენად სიღრმისეულია პარტნიორობა და თანამშრომლობა ორ ქვეყანაში. ეს მათ შორის არის მესიჯი იმისთვის, რომ ორი ქვეყანა არის მოტივირებული, რომ გაზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მათ შორის ინვესტიციები საქართველოში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა
30.06.2026.12:07
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა დაათვალიერა. საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჟანიბეკ ტაიჟანოვმა უმასპინძლა.
პრემიერ-მინისტრი ქარხნის საწარმოო პროცესს გაეცნო.
მთავრობის მეთაური დღესვე ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მისი საქმიანობის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან. ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები, მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ყაზახეთი ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა აზიას და ამ რეგიონში ყაზახეთის როლი არის განსაკუთრებული. ეს არის ძალიან მზარდი ეკონომიკა, შესაბამისად, ჩვენთვის ყაზახეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ყაზახეთთან თანამშრომლობას ამ მიმართულებითაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. შესაბამისად, სრულიად ახალ დონეზე გადადის ჩვენი ურთიერთობები ყაზახეთის რესპუბლიკასთან”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.