სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და მანდატებზე უარის თქმა - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე
არ არის გამორიცხული ისინი [ოპოზიცია] პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ ან ბევრი მათგანი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, რადიკალებმა იცოდნენ, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით დაწერილ განცხადებებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს იქამდე, სანამ პარლამენტი მათ უფლებამოსილებას არ ცნობს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატებზე თქვან უარი, რასაც მამუკა მდინარაძის განმარტებით არც ერთი მათგანი არ გააკეთებს.
„საბოლოოდ, ისინი ფიქრობენ პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად. იმიტომ, რომ მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას, არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, ეს დაშვება პირობითია, რადგან მათ იციან, მაგრამ მაინც ამ პირობითი დაშვების ფარგლებში შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. მაგრამ ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე მათ განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში.
ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, რომ თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.