სუს-ის მტკიცებით, საქართველოში გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში ხელისუფლების დამხობას გეგმავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცახდებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.
სუს-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული “პრორუსულობის“ ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის.
აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.
დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამოდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება.
ასევე ცნობილია, რომ გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. აღნიშნულმა, მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო
დაპირისპირებისთვის.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ხსენებული პროვოკაციები, ორგანიზატორების მიერ, პირველად არ დაგეგმილა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა წარსულში ისინი აღკვეთილ იქნა სამართალდამცავების ეფექტური და პრევენციული რეაგირების მეშვეობით. არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, ამჟამინდელი გეგმა წარმოადგენს გაცილებით მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს რიგითი მოსახლეობის სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას.
აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციაში ახორციელებს და განახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას. ასევე, დამატებითი ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით, სამსახური ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.