სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას - პრემიერი
საქართველოს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დღეს საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თამაზ ბორაშვილი 20 წელიწადზე მეტია მსახურობს სამართალდამცავ სისტემაში.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მან მუშაობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო და კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გაიარა თანმიმდევრული კარიერული წინსვლა სხვადასხვა საფეხურზე. 2017-2022 წლებში თამაზ ბორაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იკავებდა გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს. 2022 წელს ის კვლავ დაბრუნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს. წელს კი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე თამაზ ბორაშვილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაში.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს თამაზ ბორაშვილს. ბატონ თამაზ ბორაშვილს წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე", - აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება
08.10.2026.08:39
პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ.
2027 წელს საგარეო უწყებისთვის გათვალისწინებულია 233 მილიონამდე ლარი. პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთიანი აგროპროექტის, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დაფინანსება, ასევე, სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.
„ბიუჯეტი საკმაოდ ოპტიმისტურია, საკმაოდ გაძლიერდა სოციალურ პაკეტი, ეს იქნება სერიოზული, მნიშვნელოვანი შეღავათი მათ შორის, დაბალშემოსავლიანებისათვის და პენსიონერებისათვის“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.