ტაილანდის სამეფოს დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის იმ გამოცდილებაზე, რომელიც ადმინისტრაციამ ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესში დააგროვა.
საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში, ამომრჩეველთა ინფორმირება, მედიასთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ცესკოს თავმჯდომარემ ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართე ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციასთან, სადაც განვიხილეთ საქართველოში არჩევნების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული გამოცდილება. ასევე ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან და დეზინფორმაციის მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებით. შევთანხმდით დელეგატებთან სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე, ისევე როგორც სხვადასხვა საარჩევნო აქტივობებში ორი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავის მხრივ აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობასა და მსგავსი ტიპის შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრა ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრმა აპივან საქსესმა - “გულწრფელად მადლიერები ვართ ამ შესაძლებლობისთვის და ჩვენთვის პატივია აქ ყოფნა. ბევრი რამ გავიგეთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისგან. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ თქვენი საინტერესო გამოცდილების საფუძველზე შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ განვითარებისკენ. თავმჯდომარის პრეზენტაცია იყო ძალიან ინფორმაციული. ისეთი ცოდნა მივიღეთ, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესებისთვის გამოვიყენებთ“.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილი დეზინფორმაციის რეესტრისა და ზოგადად დეზინფორმაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე. აღნიშნულის შესახებ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა ქეთევან ქარენაშვილმა გააცნო.
ტაილანდის სამეფოს მეფე პრაჯადჰიპოკის ინტიტუტის წარმომადგენლობით დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები, სენატორები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა
05.10.2026.12:30
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღებენ.
ამასთან, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.
მთავრობის შესაბამის განკარგულებებს ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა ფიზიკურმა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.
შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
უკრაინის მოქალაქეებისათვის, შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებულია ჯანდაცვის შემდეგი სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.
რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას, დაფინანსების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო.
45 ლარი მომდევნო თვიდან არ გაიცემა პირზე, რომელმაც დატოვა საქართველოს ტერიტორია. ამავე პუნქტით საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის გათვალისწინებული 300 ლარის დაფინანსება ასევე მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.