ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს - ირაკლი კობახიძე
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, საქართველო-ტაჯიკეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ხალხებს და ქვეყნებს აკავშირებს ისტორიულად ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლებიც არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, დღეს შედგა პირველი ვიზიტი უმაღლეს დონეზე საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. შესაბამისად, ეს ვიზიტი თავისი შინაარსით შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებულები ჩვენი ურთიერთობებისა და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო დღეს შევხვედროდი პრეზიდენტ რაჰმონს.
გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე. წელს, ტაჯიკეთის რესპუბლიკა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს. მინდა, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ თქვენ და მეგობარ ტაჯიკ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და შემდგომი წარმატება.
აქვე ვისარგებლებ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ტაჯიკეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ დღეს განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის, განვიხილეთ საქართველო-ტაჯიკეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და გამოვთქვით მზადყოფნა, მომავალშიც გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განვიხილეთ პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის, გავცვალეთ მოსაზრებები თემატურ და აქტუალურ საკითხებზე, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას l ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
19.06.2026.20:32
დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის და ამავდროულად გავცვალეთ მოსაზრებები თემატურ და აქტუალურ საკითხებზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ემომალი რაჰმონმა აღნიშნა, ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.
„ეს დოკუმენტი მოიცავს საჰაერო კომუნიკაციას, სასოფლო-სამეურნეო ტურიზმს, ასევე მეცნიერებას, განათლებას, კულტურას, სპორტს, კლიმატის ცვლილებას და სხვა საკითხებს. ასევე ორმხრივი ინტერესის მქონე სხვადასხვა თემებს. მოლაპარაკების დროს ჩვენ ხაზი გავუსვით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება. ჩვენ განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობები და ასევე პარლამენტარების დიპლომატიური როლის გაძლიერება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის", - განაცხადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა.
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ კიდევ უფრო გავამდიდროთ ეკონომიკური ურთიერთობა ორმხრივი ნაბიჯებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც წარმოადგენდა ჩვენი მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს. ორივე ქვეყანას უდიდესი შესაძლებლობები გაგვაჩნია ამ მიმართულებით. ტაჯიკეთი ასევე დაინტერესებულია, რომ გააფართოოს თანამშრომლობა მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მრეწველობის კუთხით, ასევე ტექნოლოგიური და ინოვაციების საკითხებით, ამაში შედის ხელოვნური ინტელექტიც. ამ მიმართებით, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ დავიწყოთ თანამშრომლობა იმ სფეროებში, რაც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამისათვის ჩვენ პრაქტიკულ ზომებს მივიღებთ. მსუბუქი მრეწველობა, სურსათი, სამთო მეურნეობა, ასევე ფარმაცევტული სფეროები, სოფლის მეურნეობა გამოვლინდა, როგორც ინტერესის სფეროები. ჩვენ მხარს ვუჭერთ სატრანზიტო და სატრანსპორტო სექტორში კავშირების გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ჯანდაცვის მიმართულებითაც", - განაცხადა ემომალი რაჰმონმა.