ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს, ასევე ერთობლივ კომუნიკეს - ლევან ჟორჟოლიანი
ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს, ასევე ერთობლივ კომუნიკეს, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ქართველ ჟურნალისტებს.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საშუალება, შეხვედროდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. ეს არის საქართველოს მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტი ტაჯიკეთში. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული ვიზიტი არის. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საშუალება, შეხვედროდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ასევე პრეზიდენტს. დელეგაციის წევრებს ჰქონდათ საშუალება, რომ შეხვედროდნენ კოლეგა მინისტრებს, კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებს. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტს, ასევე ერთობლივ კომუნიკეს. აღნიშნული ძირითადად ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, განათლების, სპორტის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობას. დღეს დაგეგმილი არის შეხვედრა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან, რომლის შემდეგაც დელეგაცია დაასრულებს ოფიციალურ ვიზიტს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ტაჯიკეთში ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით - პრემიერი
20.06.2026.13:10
ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია მყარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან.
„სრულდება ჩვენი ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან ტაჯიკეთში, შესაბამისად, ამ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მთელი ამ ისტორიის მანძილზე სულ 3 შეთანხმება იყო ხელმოწერილი ორ ქვეყანას შორის. გუშინ ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მყარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან და ასევე, არის პერსპექტივა იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, ასევე თანამშრომლობა განათლების, კულტურის სფეროში. ამ ყველაფერს ეხება ის შეთანხმებები, რომლებსაც მოვაწერეთ ხელი. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და ჩვენს თითოეულ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.