თამარ იოსელიანმა აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს სატრანსპორტო სექტორში მიმდინარე პროექტები გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძესთან ერთად, აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ალან პერსელს და სარკინიგზო ტრანსპორტის ამერიკული მანქანათმშენებელი კორპორაციის Wabtec - ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ და დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო მოთამაშის, როლს შუა დერეფანში.
ერთ - ერთ ასეთ პროექტად დასახელდა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია. აღინიშნა, რომ საქართველო მიმდინარე წელს 1 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს „საქართველოს რკინიგზის" სავაგონე და სალოკომოტივო პარკის განახლებისთვის. როგორც მინისტრის მოადგილემ თქვა, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რაშიც საქართველოს რკინიგზის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას უდიდესი წვლილი ენიჭება.
შეხვედრაზე კომპანია Wabtec - ის წარმომადგენლებმა ინტერესი გამოხატეს საქართველოს რკინიგზის მიერ სალოკომოტივო პარკის განახლების პროექტთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რკინიგზა ამერიკულ კომპანიას მიაწვდის დეტალურ ინფორმაცია მომავალი შესყიდვის შესახებ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალი, თბილისის ახალი აეროპორტი და სხვ.
სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
11.09.2026.20:45
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ. ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა პაატა კეშელავას ახალი მანდატის ფარგლებში საქმიანობის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
შეხვედრა უსკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ უსკოს წევრები, ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, რეგიონული კოორდინატორები ზვიად თენეიშვილი და მანუჩარ გამყრელიძე, აჭარის მასშტაბით მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების კოორდინაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ცესკოსა და უსკოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა. აღინიშნა, რომ ცესკო მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს უსკოსთან პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას.
შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები, საერთო პრიორიტეტები და საკითხები, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციებს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია დასჭირდებათ. მხარეებმა ისაუბრეს საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე. ასევე განიხილეს დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების კოორდინაციისა და საზოგადოების ინფორმირების ეფექტიანი მექანიზმები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ადგილობრივ გამოცდილებასთან ეფექტიანი ინტეგრირება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი მომავალში აქტიურ და მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება.