თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს
დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად წარედგინა თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, როგორც წინა წლებში, მომავალ წელსაც ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტული პროექტებისა და სოციალური-ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ.
„ჩვენ დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად უკვე წარვუდგინეთ თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა შეადგენს 2 239 769 000 ლარს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 46,4 მლნ ლარით. მინდა, დავაზუსტო, რათა შემდგომში სპეკულაციები არ მოჰყვეს ამ საკითხს - ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. უშუალოდ ვიცე-მერი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან და ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დაზუსტდება. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 623,3 მლნ ლარის გამოყოფა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 50,4 მლნ ლარით მეტია. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვიცით, რომ ქალაქში გვაქვს გამოწვევები - ბევრი ქუჩა, გამზირი საჭიროებს განახლებას, საჭიროებს რეაბილიტაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, მერის ინფორმაციით, გათვალისწინებულია 677,7 მლნ ლარი, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 76 მლნ ლარით მეტია.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც სჭირდება ჩვენი თანადგომა. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნული პროგრამების დაფინანსებას, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისე განვითარდეს ქვეყანა, ეკონომიკა წინ წავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
„საკრებულოს წევრები აქტიურად დაიწყებენ დოკუმენტის განხილვას. ცხადია, იქნება შენიშვნებიც, იქნება კითხვებიც პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, განვსაზღვროთ პრიორიტეტები. დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გვექნება შესაძლებლობა, რომ საბოლოო ბიუჯეტი იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე 2026 წელს. მადლობა კიდევ ერთხელ ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს შესაძლებლობას, თბილისში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტი განვახორციელოთ, რომ ჩვენი ქალაქი ხვალ, ზეგ იყოს კიდევ უფრო მომხიბვლელი, კიდევ უფრო უკეთესი, გამართული ინფრასტრუქტურით და ყველანაირად მოწესრიგებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სხვა სიახლეები
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი პარტიები არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში, მათ ფაქტობრივად არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი - თორნიკე ჭეიშვილი
11.11.2026.11:46
როგორც გუშინდელმა დღემ, ისე განვლილმა პერიოდმა, წარმოაჩინა მათი აბსოლუტურად არაჯანსაღი დამოკიდებულება, თუნდაც სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, როდესაც ისინი სხვადასხვა ტიპის რეპლიკებით, განცხადებებით შეურაცხყოფას აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან, მოპასუხე მხარის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ჭეიშვილის თქმით, რადგან ოპოზიციას სარჩელში წარმოდგენილი ბრალდებებისა და მტკიცებულებების საწინააღმდეგო რეალური არგუმენტი არ გააჩნია, ისინი პროცესის გასაჭიანურებლად აბსურდულ შუამდგომლობებსა და ხრიკებს მიმართავენ; მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით გამოხატული შეურაცხყოფა 2003 წლიდან მომავალი ანტიკონსტიტუციური მისწრაფებების გაგრძელებაა.
„მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვები და გუშინდელი დღე მათ შორის არის დემონსტრირება იმისა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მის წიაღში შემავალი შესაბამისი ეგრეთ წოდებული პარტიები, გარდა იმისა, რომ არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ჩიხში, რაც ზოგადად არახალია, არიან ამავდროულად სამართლებრივად მოქცეულები ძალიან სერიოზულ და ღრმა ჩიხში და ამის მაგალითი გახლავთ ის, რომ მათ ფაქტობრივად არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს საკონსტიტუციო სარჩელში ჩვენ მიერ წარმოდგენილ შესაბამის ბრალდებას მათ მიმართ და შესაბამის მტკიცებულებებს. აქედან გამომდინარე, ისინი ახლა ცდილობენ იმას, რომ როგორღაც სხვადასხვა ხრიკებით ყურადღების გადატანა მოახდინონ აბსოლუტურად მეორე და ზოგჯერ შეიძლება მეათე ხარისხოვან საკითხებზე, აყენებენ აბსურდულ შუამდგომლობებს, რითაც ცდილობენ უბრალოდ იმას, რომ პროცესი გააჭიანურონ და როგორღაც შექმნან იმის ილუზია, რომ ვითომ და ისინი ასევე, დავუშვათ სასამართლოში წარმოდგენილები არიან მეტ-ნაკლები სერიოზულობით, რაც ასე არ არის.
ამავდროულად აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც გუშინდელმა დღემ, ისე განვლილმა პერიოდმა წარმოადგინა კიდევ ერთხელ და წარმოაჩინა მათი აბსოლუტურად არაჯანსაღი დამოკიდებულება, თუნდაც სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, როდესაც ისინი სხვადასხვა ტიპის რეპლიკებით, განცხადებებით, პირდაპირ შეიძლება ითქვას შეურაცხყოფას აყენებენ მთელ რიგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს და რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ არის გაგრძელება ზოგადად იმ ანტიკონსტიტუციური მისწრაფებებისა, განწყობებისა, რომელსაც ჩვენ მათ ვედავებით, რომელიც არის ამ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების წინაშე და რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ 2003 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდგომ უკვე მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, მაინც გააგრძელეს, მიუხედავად ამისა, როგორც ოპოზიციურ ფლანგზე მყოფმა ძალებმა ანალოგიური ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ძალიან კარგად დემონსტრირდება და წარმოჩნდება აი ამ პროცესის მიმართ.“- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.