თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია, მაგრამ ამაზე გაჩერებას ჩვენ არ ვაპირებთ - ზურაბ აბაშიძე
„თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია და ეს არის იმის გარანტი, რომ ის დაპირებები, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ დედაქალაქის მერთან ერთად გავეცით, ზედმიწევნით შესრულდეს“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა, სადაც დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ზურაბ აბაშიძის თქმით, თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მოცულობა კიდევ 296 420 100 ლარით იზრდება და ჯამში 2 506 978,3 ათას ლარით განისაზღვრება.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, წლის განმავლობაში ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება და შედეგად, დედაქალაქის ინტერესებს მორგებული არაერთი პროექტი განხორციელდება.
„თბილისის ბიუჯეტი უკვე 2 მილიარდ 500 მილიონს გადასცდა. ეს მაჩვენებელი უპრეცედენტოდ დიდია, მაგრამ ამაზე გაჩერებას ჩვენ არ ვაპირებთ. დარწმუნებული ვარ, რომ წლის განმავლობაში ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს ქალაქისთვის და მისი მოსახლეობისთვის სასიკეთო პროექტები განვახორციელოთ“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
სხვა სიახლეები
შალვა პაპუაშვილი სერბეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
07.07.2026.09:46
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაში, რომელიც სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით იმართება.
კონფერენციის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარეთა რეგულარული და ქმედითი ფორმატის ჩამოყალიბება, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას, ინფორმაციის გაცვლას, პოზიციების კოორდინაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ურთიერთმხარდაჭერას ითვალისწინებს.
შალვა პაპუაშვილი მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და სამუშაო სესიებში მიიღებს მონაწილეობას, კონფერენციის დასასრულს კი მონაწილეები ერთობლივ განცხადებას მიიღებენ.