თბილისის საკრებულოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფებოდა
თბილისის საკრებულოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფებოდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი ერევნის მერს ტიგრან ავინიანს, ვიცე-მერს არმენ პამბუხჩიანს და მერის მოადგილეს ლევონ ოჰანესიანს შეხვდნენ.
საკრებულოს დელეგაციასთან ერთად, ერევანში საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძეც იმყოფებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება იმ რეფორმების შესახებ გაუზიარეს, რომელიც თბილისსა და ერევანში მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება.
თბილისის საკრებულოს დელეგაციისა და ერევნის მერის შეხვედრაზე ქალაქებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და სხვადასხვა მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა გაესვა ხაზი.
სხვა სიახლეები
შოთა ბერეკაშვილი კომპანია Aqualia-ს გენერალურ დირექტორს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
20.11.2026.18:32
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი კომპანია „Aqualia“-ს გენერალურ დირექტორს, სანტიაგო ლაფუენტე პერეს-ლუკასს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრეს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოს გონზალესს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში კომპანია „Aqualia“-ს საქმიანობის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 100%-იანი წილის მფლობელია, საქართველოში წყალმომარაგების, წყალარინებისა და განახლებადი ენერგიის სფეროში წარმატებულად ოპერირებს.
„Aqualia“ წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და მის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას კომპანიის საქართველოში საქმიანობის საკითხებზე ვისაუბრეთ. საუბარი შეეხო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ასეთი მსხვილი კომპანიის ბიზნესსაქმიანობა. „Aqualia“-ს საქართველოში ოპერირება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა გახსნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და დიდი კომპანიებისთვის და ეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბიზნესურთიერთობის კარგი მაგალითია“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
შეხვედრაზე „Aqualia“-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის ბიზნესპორტფელისთვის თბილისში საქმიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც მათ განაცხადეს, კომპანია მზად არის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დამატებითი ინვესტიციები განახორციელოს. როგორც „Aqualia“-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კომპანია საკუთარი ბრუნვის 50%-ს კაპიტალურ ინვესტიციებში ხარჯავს, რაც წყლის მიწოდების სისტემების მოდერნიზებასა და სერვისების გაუმჯობესებას ხმარდება.