თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ლევან აბაშიძემ საზოგადოებას 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
„ადგილობრივ თვითმმართველობას განსაკუთრებული როლი აქვს ქვეყნის განვითარებაში და ზოგადად, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. ის არის მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მყოფი რგოლი, რომლის უპირველესი ვალდებულებაა ყოველდღიური და პირდაპირი კავშირი ხალხთან, მათი მოსმენა და მათ საჭიროებებზე ზრუნვა. განსაკუთრებული პატივია იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ქალაქის, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს და რომლის სამსახურშიც ყოველთვის განსაკუთრებული ადამიანები იდგნენ. მე 2021 წლიდან მაქვს პატივი თბილისის საკრებულოს წევრის რანგში ვემსახურო ჩვენს დედაქალაქს და მივიღო მონაწილეობა ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, რომლებსაც თბილისის საკრებულო იღებს“, - განაცხადა ლევან აბაშიძემ.
ლევან აბაშიძემ ანგარიშის წარმოდგენისას მიმოიხილა როგორც თბილისის საკრებულოს, ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საქმიანობა.
„საანგარიშო წლის განმავლობაში ჩატარდა საკრებულოს 18 სხდომა. საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა 99 დადგენილება და 713 განკარგულება, აქედან 74 განკარგულება სახელდებასთან დაკავშირებით. ჩემ მიერ საკრებულოს სხდომებზე მხარდაჭერილია ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომლებიც წლის განმავლობაში იყო ინიციირებული და რომელთა განხორციელების პროცესი და პოზიტიური შედეგები ხელშესახებია დედაქალაქის თითოეული მცხოვრებისთვის“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.
ლევან აბაშიძემ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მუშაობის შესახებ. როგორც მან განაცხადა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის 13 სხდომა ჩატარდა. კომისიამ სულ 162 საკითხი შეისწავლა. 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ოქტომბრამდე პერიოდში თბილისის საკრებულოს მიერ სახელდების თაობაზე, როგორც აღინიშნა, 74 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი-განკარგულება იქნა გამოცემული, რაც საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულებების დაახლოებით 9 პროცენტია და მცირედით ჩამორჩება გასული წლის საანგარიშო პერიოდის სტატისტიკას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიამ საქმის წარმოების პროცესი დაიწყო ოთხასამდე განცხადებაზე. დაინტერესებულ პირთა მომართვები ძირითადად უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას, ობიექტებისთვის სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭებას შეეხებოდა.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიამ იმუშავა თბილისში არსებული გეოგრაფიული ობიექტებისთვის ისეთი ისტორიული ფიგურების, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეების სახელების მინიჭებაზე, როგორებიც არიან: მეფე ერეკლე II, ნოე რამიშვილი, გურამ გაბესკირია, ვიქტორ სანეევი, სერგო კოტრიკაძე, რობერ შუმანი.
ლევან აბაშიძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის სახელდებაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის: თბილისის 49-ე საჯარო სკოლას აკაკი ჩხენკელის სახელი მიენიჭა; დასრულდა თბილისის ახალი ზოოლოგიური პარკის დამისამართება; დიდუბის რაიონში, დინამოს საწვრთნელ ბაზასთან მდებარე სკვერს 13 მაისის სახელი მიენიჭა; თბილისში ქართველი მსახიობის ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა.
როგორც ლევან აბაშიძემ ანგარიშის წარმოდგენისას აღნიშნა, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია უფლებამოსილების შესრულების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირთან.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) აღმასრულებელი ბიუროს შეხვედრაში და გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზაციის (UCLG) მსოფლიო კონგრესსა და ადგილობრივი და რეგიონული ლიდერების მსოფლიო სამიტში; ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის (CORLEAP) მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, წლიური მუშაობის ანგარიში საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ ჭუჭულაშვილმა წარმოადგინა. მან სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიასა და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიაში თავისი საქმიანობის შესახებ ილაპარაკა. ნიკოლოზ ჭუჭულაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა სახელების უკვდავყოფის საკითხები გამოყო.
2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიშის გაცნობის პროცესს თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა
22.10.2026.17:04
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბათუმში უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. ყურადღება დაეთმო საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და „შუა დერეფნის" განვითარების პროცესში საქართველოსა და უზბეკეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის.
შეხვედრისას მხარეებმა, ასევე, გაცვალეს მოსაზრებები ფართო რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესებზე და დაადასტურეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.