თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობას 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნულ პერიოდში საკრებულოს მუშაობის შესახებ ისაუბრა და მოსახლეობას საკრებულოსა და ბიუროს სხდომების, მიღებული აქტებისა და ფრაქციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, როგორც ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრმა, აღნიშნული კომისიების მუშაობის სპეციფიკისა და განხილული საკითხების შესახებაც ისაუბრა.
ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობას 2025-2026 წლებში გამართულ იმ საერთაშორისო შეხვედრების შესაღებ მიაწოდა ინფორმაცია, როლებშიც თავად მონაწილეობდა. მათ შორის იყო ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრა.
გარდა ამისა, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში გაწეული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა. ზურაბ აბაშიძე ათეას მე-8 ეროვნულ ასამბლეაზე უმრავლესობის მხარდაჭერით პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს და მან უკვე ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის რანგში ათეას აღმასრულებელი საბჭოს სხდომებში მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე ზურაბ აბაშიძე წყლის მომავლის ფორუმსა და საქართველოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა.
ზურაბ აბაშიძემ მოწვეულ სტუმრებს, საკრებულოში გაწეული საქმიანობის გარდა, მთაწმინდის სამაჟორიტარო ბიუროს საქმიანობაც გააცნო. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში მან შეხვედრა 370 მოქალაქესთან გამართა, აქედან 93 მოქალაქეს მედიკამენტების დაფინანსების საკითხში დაეხმარა, 63 ადამიანს კი მიზნობრივი ფინანსური დახმარების მიღებაში გაუწია შუამდგომლობა. ამას გარდა, ზურაბ აბაშიძე მოქალაქეებს არაერთი სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დაეხმარა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა თავის ანგარიშში სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში ასფალტის საფარის მოწესრიგების, წყალარინების ქსელების, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობას მთაწმინდის რაიონს შემოერთებულ ტერიტორიებზე განხორციელებული სამუშაოებიც გააცნო და აღნიშნა, რომ კოჯრისა და ტაბახმელის საგზაო მონაკვეთებზე ასფალტის საფარი ჯამში 18 262 კვადრატულ მეტრზე დაიგო. ამას გარდა, ტაბახმელასა და ოქროყანაში რამდენიმე მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლები დამონტაჟდა და მთაწმინდის რაიონს შემოერთებულ ტერიტორიებზე რეკრეაციული და სპორტული სივრცეებიც მოეწყო.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა მისამართზე გარემონტდა სახურავები, ლიფტები, სადარბაზოები და სხვ.
ზურაბ აბაშიძე მოსახლეობას მთაწმინდის რაიონში დასრულებულ მნიშვნელოვან პროექტებზეც ესაუბრა. მან განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში გრიბოედოვის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა, რის შედეგადაც 15 ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა.
რაც შეეხება მთაწმინდაზე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება რუსთაველის გამზირზე, სულხან-საბას, ინგოროყვას და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაამახვილა და მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საკრებულოს და მაჟორიტართა საქმიანობის მთავარი საზომი მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა კი არა, მათი შედეგია. ზურაბ აბაშიძის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად უმჯობესდება ადამიანების საცხოვრებელი გარემო, რამდენად დაცულია მათი ინტერესები და რამდენად ეფექტიანად ხდება ქალაქის საჭიროებების გათვალისწინება.
„რა თქმა უნდა, კვლავ ბევრი გამოწვევაა და ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მკაფიო მიზანი, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. მადლობას ვუხდი საკრებულოს თითოეულ წევრს, მერიის შესაბამის სამსახურებს, მთაწმინდის რაიონის ადმინისტრაციასა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამუშაოებში მონაწილეობს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისელებს ნდობისთვის, აქტიურობისა და იმ უკუკავშირისთვის, რომელიც გვეხმარება უკეთ დავინახოთ ქალაქის საჭიროებები. ჩვენი მთავარი მიზანი უცვლელია - მომავალ თაობას დავუტოვოთ თბილისი, რომელიც ინარჩუნებს საკუთარ ისტორიას, ვითარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშს, მოსახლეობასთან ერთად, საკრებულოს წევრები, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მისი მოადგილე და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.