თინათინ ნიბლოშვილმა 2024-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, 2024–2025 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას საკრებულოს წევრის როგორც მანდატით, ასევე განათლებისა და კულტურის, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიებში და ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პრეზენტაციაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ოფიციალურ და სამუშაო შეხვედრებში საკუთარ ჩართულობაზე და მისი ინიციატივით განხორციელებულ პროექტებსა და შედეგებზე ისაუბრა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, თქმით, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდებთან თანამშრომლობას. მისი ინიციატივით თბილისის საკრებულოში არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რომლებზეც დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის თემები იყო განხილული.
თინათინ ნიბლოშვილის ინფორმაციით, მის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პროფესიული განათლების ხელშეწყობას. მიმდინარე წელსაც აქტიურად იყო ჩართული თბილისის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ მხარდაჭერასა და პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობაში, რომლის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის თბილისის საკრებულოში კოლეჯ „მერმისის“ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.
ანგარიშის წარდგენისას თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, რომლებიც წარმოაჩენს დედაქალაქის მრავალფეროვანი ეთნოსს და სხვადასხვა ტრადიციისა და კულტურის შენარჩუნება-პოპულარიზაციის ხელშეწყობას ემსახურება. თინათინ ნიბლოშვილის თქმით, ჩატარდა არაერთი ღონისძიება, მათ შორის სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსი და სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კურსდამთავრებულთა სერტიფიცირების ცერემონია.
თინათინ ნიბლოშვილმა პრეზენტაციისას სხვადასხვა კამპანიაში, ფორუმსა და ინიციატივაში ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორისაა ცნობიერების ამაღლების კამპანიაში „ვარდისფერი ოქტომბერი“, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი, ასევე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერი კამპანიები.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრი, ის აქტიურად მონაწილეობდა დედაქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე მემორიალური დაფების განთავსების, დედაქალაქის გეოგრაფიული ობიექტების, სკოლებისთვის სახელწოდებების მინიჭებისა და კულტურული პროგრამების დაფინანსების საკითხებში.
მისი თქმით, დედაქალაქის განვითარება, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობა მათი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
წლიური ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
11.09.2026.20:45
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ. ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა პაატა კეშელავას ახალი მანდატის ფარგლებში საქმიანობის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
შეხვედრა უსკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ უსკოს წევრები, ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, რეგიონული კოორდინატორები ზვიად თენეიშვილი და მანუჩარ გამყრელიძე, აჭარის მასშტაბით მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების კოორდინაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ცესკოსა და უსკოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა. აღინიშნა, რომ ცესკო მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს უსკოსთან პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას.
შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები, საერთო პრიორიტეტები და საკითხები, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციებს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია დასჭირდებათ. მხარეებმა ისაუბრეს საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე. ასევე განიხილეს დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების კოორდინაციისა და საზოგადოების ინფორმირების ეფექტიანი მექანიზმები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ადგილობრივ გამოცდილებასთან ეფექტიანი ინტეგრირება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი მომავალში აქტიურ და მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება.