„ტრამპის მარშრუტი“ სომხეთის ბლოკადას დაასრულებს - პროექტის განხორციელება ასევე გახსნის სარკინიგზო მიმოსვლას სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის, ირანის, ნახიჩევანის, სომხეთისა და საქართველოს გავლით, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ირანს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს l ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ტრამპის მარშრუტი“ არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლას გახსნის, არამედ სომხეთის ეკონომიკურ ბლოკადას დაასრულებს. ამასთან ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ბლოკადა ნაწილობრივ უკვე დაძლეულია, რადგან საქართველო-აზერბაიჯანისა და ახალქალაქი - ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა სომხური საქონლის ტრანსპორტირებისთვის გახსნილია.
„პროექტი, რომელიც განხორციელდება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპებზე დაყრდნობით, სომხეთის ბლოკადას დაასრულებს. სომხეთის ბლოკადა ნაწილობრივ უკვე მოხსნილია, რადგან საქართველოს გავლით აზერბაიჯანის რკინიგზა 2025 წლის ნოემბრიდან სომხეთში იმპორტისა და ექსპორტისთვის გაიხსნა, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა კი, როგორც იცით, მაისში გაიხსნა იმპორტ-ექსპორტისთვის. საქართველოს გავლით თურქეთის გზები იხსნება სომხური ავტომობილებისთვის. ტრამპის მარშრუტი სომხეთის საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში ინტეგრირებას უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელება ასევე გახსნის სარკინიგზო მიმოსვლას სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის, ირანის, ნახიჩევანის, სომხეთისა და საქართველოს გავლით, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ირანს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
12.11.2026.20:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მაღალ დონეს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.