წელს, ისევე როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ბევრი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა - გურამ ოქროპირიძე
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბიუჯეტი დასამტკიცებლად წარადგინა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.
„წელს, ისევე როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ბევრი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის აღსანიშნავია მრავალფუნქციური ცენტრების კონცეფცია, რაც სიახლეა ჩვენს ქვეყანაში, ასევე ის ასობით სტადიონი, რომელთა მშენებლობა-რეაბილიტაციაც განხორციელდა.
ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარება, ერთი მხრივ, განათლების მიღებაში და მეორე მხრივ, იმ სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფაში, რომლებიც დღეს გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პროექტია „ისწავლე და დასაქმდი“, რომლის ფარგლებშიც ძალიან მაღალია დასაქმების მაჩვენებელი პროფესიული კურსების გავლის შემდეგ. საბოლოო ჯამში ბევრი რეფორმა და პროექტი განხორციელდა, რომელთაც კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება სჭირდებოდა. დღეს მათ შედეგებს თითოეული ჩვენგანი ვხედავთ და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს და ქალაქის მთავრობის თითოეულ წევრს“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
დღესვე საკრებულოს წევრმა „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნება, შესაძლებლობების ფარგლებში, შემდეგი წლის ბიუჯეტში განხილული იქნას პროგრამაში ჩართულ მწვრთნელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა, რაზეც დედაქალაქის მერისგან თანხმობა მიიღო.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.