ცესკო ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკით მანიპულაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ცესკო ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკით მანიპულაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის მონაცემებში შეუსაბამობის ერთეული შემთხვევების მიზეზი და მიუთითა, რომ ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნის გამოტანის ობიექტური საფუძველი.
„საგულისხმოა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ერთის მხრივ ენდობა ცესკოს პირველად მონაცემებს გენდერულ ჭრილში ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე, ხოლო მეორეს მხრივ უნდობლობას უცხადებს ცესკოს მიერ დაფიქსირებულ არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებს, თან იმ ფონზე, როდესაც მათივე განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგები შესაბამისობაშია ცესკოს შედეგებთან. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგების დღემდე არგასაჯაროების დასაბუთებას „სამართლიანი არჩევნები“ ბუნდოვანი და დამაჯერებლობას მოკლებული არგუმენტებით ცდილობს.
ორგანიზაციისთვის კარგადაა ცნობილი, რომ რეგისტრატორი კომისიის წევრების მიერ არჩევნებში მონაწილე ქალი და კაცი ამომრჩევლების დათვლა ხდება არა არჩევნებზე მოსული ქალებისა და კაცების რაოდენობის აღრიცხვით, არამედ მოსული ამომრჩევლის რეგისტრაციის მონაცემებით და ასევე, გადასატანი ყუთის ანალოგიური მონაცემებით. ამის შემდეგ, რეგისტრატორები ითვლიან მხოლოდ ქალი ამომრჩევლის რაოდენობას, ხოლო კაცი ამომრჩევლების გამოთვლა ხდება მოსული ამომრჩევლის საერთო რაოდენობიდან. შესაბამისად, უზუსტობა პირველ მონაცემში ავტომატურად გამოიწვევს უზუსტობას მეორე მონაცემშიც. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს კანონის მოთხოვნას. აღნიშნული მონაცემები მუშავდება მხოლოდ არასაარჩევნო მიზნებისთვის და მას არანაირი კავშირი არჩევნების შედეგების ოფიციალურ მონაცემებთან არ გააჩნია.
მონაცემებში, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოსგან მიიღო, იყო ადამიანური შეცდომით გამოწვეული რამდენიმე ხარვეზი, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც პასუხისმგებლიანმა უწყებამ, თავადვე დაადასტურა. კერძოდ, 11 საარჩევნო უბნიდან, არჩევნებში მონაწილე ქალების გადმოგზავნილ რაოდენობაში არსებულმა უზუსტობებმა გამოიწვია ცდომილება ჯამურად 150 ამომრჩევლის სქესის აღრიცხვაში, რაც 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის აღრიცხვისას უმნიშვნელო მაჩვენებელია. „სამართლიანი არჩევნების“ მცდელობა, განაზოგადოს 11 უბანზე დაშვებული უზუსტობები და ეს „მნიშვნელოვან შეუსაბამობად“ მონათლოს, მით უფრო, წარმოაჩინოს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ ფაქტად, უბრალოდ არასერიოზულია. მაშინ, როდესაც 2020-ში მათივე პარალელური დათვლის შედეგების აცდენას რეალურ შედეგებთან, სამართლიანმა არჩევნებმა „უმნიშვნელო უზუსტობა“ უწოდა.
ნიშანდობლივია, რომ თავიდან „სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ მსგავსი უზუსტობები ფიქსირდებოდა 23 საარჩევნო უბანზე. მას შემდეგ, რაც დადასტურდა რომ არც ეს შეესაბამება სიმართლეს, ნაცვლად საკუთარი შეცდომის აღიარებისა, ორგანიზაცია გადაერთო ზოგადად კაცების მაღალი აქტივობის ანომალიურობის დამტკიცების ვერსიებზე და შესაბამისი სპეკულაციური აღქმების შექმნის მცდელობებზე.
დასასრულს, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამომრჩეველთა ზუსტი აქტივობა ასახულია იმ შემაჯამებელ ოქმებში, რომელიც დგება საარჩევნო უბნებზე და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება საბოლოო აქტივობა, რომელიც ფიქსირდება არჩევნების შემაჯამებელ ოქმში. გენდერული სტატისტიკა არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და ის კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან.
მოყვანილი ფაქტები ცნობილია ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის, მათთვისაც, რომელთა ინტერესს, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ფაქტების მიწოდების ნაცვლად ინფორმაციით მანიპულირება წარმოადგენს“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.