ცესკო: გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური, - აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული და ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია.
„საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ გარკვეულ შემთხვევებში კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს. ამიტომ კვლავ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და ხელი შევუწყოთ მათი ნების გამოვლენას მშვიდ გარემოში.
გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. ამიტომ გვინდა მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ, რომელიც დაფიქსირდა ამ დრომდე. სულ მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი. თუმცა ამ უბნებზე პროცესი არ შეჩერებულა და კენჭისყრა სხვა აპარატებით გრძელდება.
ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური და ემსახურება კენჭისყრის პროცესის დაზიანებას.
ვრცელდება ცრუ ინფორმაცია მარკირების სითხესთან დაკავშირებითაც. დაინტერესებული მხარეები ირწმუნებიან, რომ მარკირების სითხის ნაცვლად ამომრჩეველს წყალს ასხამენ. მე ახლა თან მაქვს მარკირების სითხე და მისი შესამოწმებელი ფანარი და ბრიფინგის დასრულების შემდგომ შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.
13:00 საათის მდგომარეობით საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 50 განცხადება/საჩივარი. რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა; უბნის გარეთ მომხდარი ფაქტი; აგიტაცია; უბნიდან გაძევება და დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის მათ და ექნება შესაბამისი რეაგირება.
გვინდა გაცნობოთ სამწუხარო ინფორმაცია. ფოთის №15 საარჩევნო უბნის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე გახდა ცუდად, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ გარდაიცვალა. საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს“, - ნათქვამია ცესკოს განცახებაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
20.08.2026.13:31
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში, 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება. სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა. ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში, 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა", - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო.