ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს ნუ შეიყვანენ შეცდომაში ამომრჩევლებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი და მუდმივი საზრუნავი, ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა, განსაკუთრებით ხმის მიცემის, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისა და ხმის დათვლის წესთან დაკავშირებით. განვლილი პერიოდის მანძილზე, ექვსასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა, უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის იმიტირებულ კენჭისყრებში. ასევე, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, უწყვეტად მიმდინარეობს ცესკოს საინფორმაციო რგოლების გაშუქება ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით და არაერთი აქტივობის განხორციელება ხმის მიცემის, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისა და ხმის დათვლის წესთან დაკავშირებით, სწორედ იმიტომ, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების მასშტაბური გამოყენების პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხმის მიცემის პროცედურების და საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესის ზუსტი ახსნა ამომრჩევლებისთვის და მათი ინფორმირება.
სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩართული მხარე, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას, მედიასაშუალებებით ავრცელებს ურთიერთსაწინააღმდეგო, არასწორ და კანონთან შეუსაბამო ინფორმაციას საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმების დათვლის წესთან დაკავშირებით.
ამის დასტურია „TV პირველის” ეთერში, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა’’ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება. კერძოდ, მან პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს, გააფერადონ საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული ერთი წრე, შემდეგ ის გადახაზონ და გააფერადონ სხვა წრე და „დააიმედა“ ამომრჩევლები, რომ ხელით გადათვლისას, საარჩევნო ადმინისტრაცია იძულებული იქნება ასეთი საარჩევნო ბიულეტენები ჩათვალოს ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ აპარატი მას ბათილად მიიჩნევს. ამავე კონტექსტში, იმგვარად მოიხსენია ხმის მიცემის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენების ფოტოგადაღების შესაძლებლობა, თითქოს ეს დაშვებული იყოს კანონით.
ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გავრცელდა ზემოხსენებული ორგანიზაციის იმავე წარმომადგენლის მიერ სხვა განცხადება, რომელიც გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია 5 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციასთან, მაგრამ ამავდროულად, კვლავ კანონსაწინააღმდეგო და მანიპულაციურია. იგი შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მოწოდება საარჩევნო ბიულეტენის, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, განზრახ დაზიანებისკენ. ამან კი, შეიძლება გამოიწვიოს ამომრჩევლის ხელოვნური დაყოვნება საარჩევნო უბნებში, რიგები და შესაბამისად, ამომრჩეველთა უკმაყოფილება. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი საუბრობს, რომ ფოტოვიდეოგადაღება არის აკრძალული, მაგრამ შეფასებებში ის მაინც უშვებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღების შესაძლებლობას.
აშკარაა, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობის ელემენტარული მოთხოვნების უცოდინარობასთან ან მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან, ვინაიდან, ახალი ნორმების თანახმად, იმ უბნის საარჩევნო კომისიას, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება, საერთოდ არ გააჩნია უფლებამოსილება იმსჯელოს ე.წ „საეჭვო ბიულეტენებზე“. ხმის მიცემა არის კატეგორიული და ნამდვილია მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც ამომრჩეველი გააფერადებს მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებულ წრეს. ამასთან, ხმის მიცემა ფარულია და დაუშვებელია კაბინაში ფოტოვიდეოგადაღება.
ამგვარმა, კანონშეუსაბამო და დეზინფორმაციულმა საინფორმაციო კამპანიამ, შესაძლოა გამოიწვიოს ამომრჩევლის დაბნევა და იმგვარი ნეგატიური შედეგი, რომელმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არჩევნების მთლიანობას.
მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, გაემიჯნონ ასეთი ტიპის ე.წ. საინფორმაციო კამპანიებს, მოახდინონ სათანადო რეაგირება და თავიანთ საჯარო თუ სხვა ტიპის ღონისძიებაზე, სწორედ ისე უზრუნველყონ ამომრჩევლის ინფორმირება, როგორც ეს საარჩევნო კანონმდებლობაშია მოცემული. საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც არჩევნების გამართვაზე პასუხისმგებელი ორგანო, იტოვებს უფლებას არ ითანამშრომლოს ან შეწყვიტოს თანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც გააგრძელებენ ზემოაღნიშნული ტიპის დეზინფორმირების კამპანიას. ამასთან, პასუხისმგებლობა ასეთი კამპანიის შედეგად ბათილ ან გაფუჭებულ ყველა საარჩევნო ბიულეტენზე, დაეკისრებათ თავად ამ ორგანიზაციებს, მათ წარმომადგენლებსა თუ ინდივიდუალურ პირებს. როგორც ცნობილია, არჩევნები საერთო საქმეა და მასში ჩართულ ყველა მხარეს აქვს ვალდებულება ზედმიწევნით დაიცვას კანონმდებლობის მოთხოვნები და გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ამომრჩეველს. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ყველას შევახსენებთ, რომ: • ხმის მიცემა ფარულია! • ფოტოვიდეოგადაღება კაბინაში აკრძალულია! • გააფერადეთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული წრე!
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.