ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა.
შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე. მან 215,363 ამომრჩევლის ხმა, 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2025 წლის 4 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 325 061 შეადგინა. თბილისის საკრებულოში მანდატები კი ასე გადანაწილდა: „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 1 მანდატი, „ძლიერი საქართველო-ლელო“ - 2, „გირჩი“ – 2, „ქართული ოცნება“ - 20 მანდატი. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოში 25-ვე მანდატი ქართულმა ოცნებამ მიიღო.
როგორც დღეს გამართულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურიდა კომპლექსური პროცესი, რომელიც ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების სრული დაცვით. გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, ვინც აქტიურად ჩაერთო პროცესში და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა და ნდობა წარმოადგენს მთავარ მოტივაციასა და მიღწევას. ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ინსტიტუციასა და ორგანიზაციას, რომლებმაც აქტიურად ითანამშრომლეს საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებს და მედიას ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. ასევე, საერთაშორისო ვენდორ კომპანია სმარტმატიკს, რომლის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით უკვე მეორედ წარმატებით განხორციელდა ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარება.
არჩევნების შედეგები ქვეყნის მასშტაბით ასევე შეაჯამეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. დეტალური ინფორმაცია და შემაჯამებელი ოქმები განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.
კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული მერებისა და საკრებულოების წევრების უფლებამოსილება 29 ოქტომბრიდან დაიწყება. დღესვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება და 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია. თბილისში საკრებულოს პირველ სხდომას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის, ხოლო რეგიონებში სხდომებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
20.08.2026.13:31
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში, 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება. სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა. ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში, 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა", - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო.