ცესკოს განცხადება შედეგების ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების ფორმატთან დაკავშირებით
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ცესკოს შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და დეტალები განმარტა.
როგორც ცნობილია, ცესკოს შედეგების ვებგვერდზე იტვირთება როგორც ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი კენჭისყრის შედეგების ანგარიში, ე.წ. ქვითრები, ასევე ის შემაჯამებელი ოქმები, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენების ხელის გადათვლის შემდგომ ადგენენ და გზავნიან ცესკოში.
აღნიშნული საკითხი გარკვეული პირების მხრიდან გახდა მანიპულაციის საგანი, სწორედ ამიტომ განვმარტავთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ იმ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებიც შედგება ხელით გადათვლის შემდეგ. აღნიშნული ოქმები საიტზე იტვირთება ეტაპობრივად და ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს წვდომა ამ მონაცემებზე.
„ცალსახად განვმარტავ, რომ ამ შემაჯამებელი ოქმების შედეგები, ჩვენი რეზულტატების ვებგვერდზე არის ცალკე, ხოლო მათ ვისაც ელექტრონული არჩევნების შედეგები აინტერესებს, რომელიც გამოცხადდა რეკორდულად სწრაფ დროში, - ერთ საათსა და 40 წთ-ში, მარტივად შეუძლიათ ნახონ ის ღილაკზე - „ელექტრონული არჩევნები" დაჭერით. რის შემდეგაც თქვენ ნახავთ იმ შედეგს, რომელიც გამოცხადდა ელექტრონული მანქანების მიერ დათვლილი შედეგების მიხედვით.
შესაბამისად, გამჭვირვალობის დაცვით, ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ორივე შედეგი არის ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეებისთვის ჩვენი შედეგების გვერდზე", - განაცხადა თავმჯდომარის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.