ცესკოს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 38 წარმომადგენელს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პირადად მიაწოდა ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომლებიც ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნებისთვის განახორციელა. მან ასევე დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ არჩევნებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების ჩართულობა, მათი მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
„მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ 20-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფებიან. დღეს დელეგატები სტუმრობდნენ ცესკოს, რომლის ფარგლებშიც მათ პირადად მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით და იმ მნიშვნელოვანი სამუშაოების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს 4 ოქტომბრის არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას. რა თქმა უნდა, შეხვედრა მაღალი ინტერაქციით წარიმართა და უცხოელ კოლეგებს მიეწოდათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები ერთი მხრივ დააკვირდებიან კენჭისყრის მიმდინარეობას, მეორე მხრივ კი გაიზიარებენ საქართველოს გამოცდილებას, მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტის დასკვნაზე, რომლის პირველი და მეორე ფაზის შედგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს გადმოეცა. უცხოელი კოლეგების კითხვებს ასევე უპასუხეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა.
ელექტრონული არჩევნების ადმინისტრირების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უცხოელმა კოლეგებმაც.
„ბოსნია-ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვევისთვის, ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ცესკოსთვის ეს არჩევნები, ვინაიდან ადმინისტრაცია იყენებს საარჩევნო ტექნოლოგიებს. ჩვენი ქვეყანაც გეგმავს საზოგადოებას გააცნოს საარჩევნო ტექნოლოგიები საერთო არჩევნებზე მომავალ წელს, ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია რეალურ დროში ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს აპარატურა. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი, ვინაიდან მივიღეთ დეტალური ინფორმაცია არჩევნების თაობაზე, იმისათვის, რომ როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ხვალ შესაბამისად დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს“,- განაცხადა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ვანია ბიელიკა პრუტინამ.
თავის მხრივ, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის უპირატესობებზე და კარგი პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, არჩევნების, რეფერენდუმის და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო დეპარტამენტის საარჩევნო ოფიცერმა ალექსანდრე ტრსტენსკომ. „ვიმედოვნებთ, რომ გავიზიარებთ კარგ პრაქტიკას ხვალ დაგეგმილი არჩევნებიდან. დღევანდელი შეხვედრიდან მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია საქართველოში არსებულ საარჩევნო სისტემაზე და ხმის მიცემის პროცესზე. მართალია, საქართველოს განსხვავებული გამოცდილება აქვს, თუმცა არის ბევრი მსგავსება სხვა ქვეყნების საარჩევნო პრაქტიკასთან. მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ დაკვირვებისას, როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, მივიღებ განსხვავებულ და საჭირო ინფორმაციას და გამოცდილებას, რომელსაც ჩემს კოლეგებს გავუზიარებ“.
სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 4 ოქტომბრის არჩევნებს რამდენიმე საარჩევნო უბანზე დააკვირდებიან.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.