ცესკოს ხელმძღვანელი პირები ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს მდივან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად, ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან და კომისიის სრულ შემადგენლობასთან გამართა. ცესკოს თავმჯდომარე დეტალურად გაეცნო შუალედური არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა არჩევნების დღეს საარჩევნო პროცედურების სწორად და თანმიმდევრულად განხორციელებაზე, ამომრჩეველთა მომსახურების ხარისხზე და საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის საოლქო და საუბნო დონეზე არსებული მზადყოფნის შეფასებაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესი.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, 3 ოქტომბრის არჩევნები, ისევე როგორც ყველა სხვა შუალედური თუ საერთო არჩევნები, მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდება და თითოეულმა საარჩევნო ადმინისტრატორმა საკუთარი საქმიანობა მაღალი პასუხისმგებლობით უნდა განახორციელოს.
სამუშაო შეხვედრას ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში ასევე ესწრებოდა ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და რეგიონული კოორდინატორი ზვიად თენეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
სხვა სიახლეები
კახაბერ ლაბუჩიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა
27.10.2026.17:32
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ისნის რაიონის (ავლაბარი, ელია, მეტრომშენი) მაჟორიტარმა კახაბერ ლაბუჩიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ანგარიშში ვრცელი ადგილი საკრებულოს წევრის სამაჟორიტარო ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო.
საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრმა კახაბერ ლაბუჩიძემ ანგარიშის წარდგენისას თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა.
კახაბერ ლაბუჩიძემ ანგარიშის წარდგენისას თავმჯდომარის რანგში სარევიზიო კომისიაში გაწეულ საქმიანობაზეც ისაუბრა და საანგარიშო პერიოდის სტატისტიკა დეტალურად მიმოიხილა. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა 15 ორგანიზაციის შემოწმება, აქედან 11 ორგანიზაციის შემოწმება დასრულებულია, ხოლო 4 ორგანიზაციის შემოწმება ამჟამად მიმდინარეობს.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია სარევიზიო კომისიის 17 სხდომა, რომლებზეც 34 საკითხი განიხილეს.
„შემოწმებიდან გამომდინარე რეკომენდაციები გაიცა, რომლებიც ორგანიზაციების მიერ უმეტეს შემთხვევაში გათვალისწინებულია“, - ნათქვამია ანგარიშში.
კახაბერ ლაბუჩიძემ თავის ანგარიშში სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომელთა პროფესიულ გადამზადებაზეც ისაუბრა და მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების, ახალი გამოწვევების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული სხვადასხვა მიმართულების ტრენინგები დეტალურად მიმოიხილა. ტრენინგები სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში გაიარეს.
საკრებულოს წევრის ანგარიშში ცალკე თავი სამუშაო ვიზიტებს ეხება.
კახაბერ ლაბუჩიძის ანგარიშში ვრცელი ადგილი ისნის სამაჟორიტარო ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო. მაჟორიტარმა სამაჟორიტარო ბიუროს მუშაობა, ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისათვის გამოყოფილ სახსრები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებები, სოციალური დახმარებები, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებები და თბილისის საჯარო-სკოლების მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმოიხილავს.
ანგარიშის თანახმად, სამაჟორიტარო ბიუროში შემოსული თხოვნები და საკითხები ინფრასტრუქტურულ, საყოფაცხოვრებო, სოციალურ, სამართლებრივ, ქონებრივ, სამედიცინო მომსახურება-გამოკვლევებს, ოპერაციებს, მედიკამენტების დაფინანსებას და ერთჯერად ფინანსურ დახმარებებს ეხება.
სტატისტიკის მიხედვით, ბიუროში საანგარიშო პერიოდში შესულია 525 განცხადება, რომელთან ნაწილი ამჟამად დაფინანსებულია 159 642,59 ათასი ლარით და კიდევ 72 განცხადებაა განხილვის პროცესში.
განცხადებები ძირითადად ეხება სამაჟორიტარო რაიონში წარმოებულ საგზაო სამუშაოებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ საჭიროებებს, რომლებზეც მაჟორიტარის ბიუროდან საქალაქო სამსახურებთან შუამდგომლობები იგზავნება.
კახაბერ ლაბუჩიძის ანგარიშში ასევე საუბარიათბილისის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილე 6 წარმატებულ პროექტზე. ასევე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის პროგრამაზე, რომლის შესახებაც მაჟორიტარმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებთან 30-მდე შეხვედრა ჩაატარა.
კახაბერ ლაბუჩიძემ ანგარიშში გამოსყიდვის პროგრამით განხორციელებულ 7 წარმატებულ პროექტზეც ისაუბრა და ისნის რაიონის გამგეობის მიერ „ავარიული სახლების გამოსყიდვის პროგრამაში“ ჩართული ოჯახებისთვის გადახდილი ქირის კომპენსაციის თანხები წარმოადგინა.
მაჟორიტარმა ასევე სამაჟორიტარო რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები და რამდენიმე მისამართზე ქუჩის შესრულებული სამუშაოები მიმოიხილა.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ისნის რაიონის გამგებელი აკაკი ხლაბუსტოვი, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, თბილისის განვითარების ფონდისა და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.