ცესკოს მიმართვის საფუძველზე, მთავრობამ 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა
საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა.
მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა.
ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საარჩევნო უბნების მოწყობა, რომელიც მიმდინარეობს კენჭისყრის წინა დღეს და სწორედ ამ დღეს საარჩევნო უბნებზე განთავსდება შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი განთავსებულია საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო 873 საარჩევნო უბანი - სხვა დანიშნულების შენობებში. გამომდინარე, იქიდან, რომ განსაკუთრებით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, სამუშაო დღეებში ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა და აქტივობა, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად და მშვიდ გარემოში მოწყობა, მოთხოვნილია 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.