ცესკოს თავმჯდომარე ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიების სამზადისს ეცნობა
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მოადგილე გიორგი შარაბიძესთან და ცესკოს სპიკერთან ნათია იოსელიანთან ერთად თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდინარე საქმიანობებს და მზადების პროცესს გაეცნო.
გიორგი კალანდარიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან და კომისიის სრულ შემადგენლობასთან. ცესკოს თავმჯდომარე დეტალურად გაეცნო პროცესებს, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხორციელდება. ისაუბრეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პროფესიული გადამზადების პროცესზე და განიხილეს სწავლების ეტაპები, რაც საუბნო კომისიების წევრების სრულ მზადყოფნას უზრუნველყოფს როგორც სამართლებრივ, ისე ტექნოლოგიურ დონეზე, იმისათვის, რომ თითოეული მათგანი მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებზე კვალიფიციურად მოემსახუროს ამომრჩეველს. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საოლქო საარჩევნო კომისიების მნიშვნელობაზე და მათ როლზე არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ამომრჩეველთა ინფორმირებასთან დაკავშირებით განხორციელებული და განსახორციელებელი აქტივობები და ყურადღება გაამახვილეს ამომრჩეველთა ინფორმირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, სპიკერთან ნათია იოსელიანთან ერთად თელავში საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლების მეოთხე ეტაპს გაეცნო, რაც კენჭისყრის პროცესის ელექტრონული აპარატებით წარმართვას მოიცავს. სწავლების მონაწილეებთან გიორგი შარაბიძემ ტრენინგების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესების ზუსტად და ზედმიწევნით წარმართვის აუცილებლობას, რაც ჯამში მაღალპროფესიულ სტანდარტს უზრუნველყოფს.
ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად გაეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის.
სხვა სიახლეები
მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
06.07.2026.17:53
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
„დიდი პატივია, მივმართო კომიტეტს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკული მდგრადობა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მშვიდობისა და უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეუთო-ს რეგიონში უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ესენია: რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის გაგრძელება, ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობა, კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენა და საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემის თანდათანობითი შესუსტება. ეს კრიზისი ჩვენგან მოითხოვს უფრო მეტ საერთაშორისო სოლიდარობასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას და არა დაყოფასა და დაპირისპირებას. ამ კონტექსტში საქართველო კვლავაც ერთგულია, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში. თავისი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით საქართველო იქცა საიმედო ხიდად ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონს შორის. ქვეყანა აძლიერებს კავშირს „შუა დერეფნის“ მეშვეობით და ხელს უწყობს უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებას. ისეთი პროექტები, როგორიცაა - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივები არ არის. ეს არის სტრატეგიული ინვესტიციები ევროპის გრძელვადიან ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, მდგრადობასა და ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ყურადღება გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას.
„კლიმატური მდგრადობის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემის გარეშე. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ყურადღება სწორედ ამ გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, ზეწოლას ახდენს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ დემოკრატიულ არჩევანს. ასეთი მიდგომები არც დემოკრატიას აძლიერებს და არც საერთაშორისო თანამშრომლობას. პირიქით, ისინი ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, ეუთო-ს მიმართ ნდობას, ზრდის სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის საფრთხეს საქართველოს მოქალაქეებში იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მისია დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის ხელშეწყობაა. საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას. ამავე დროს მტკიცედ გვჯერა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოებისადმი თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.