ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Transparencia Electoral-ის და ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.
კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით განხორციელებული პროექტები და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებამდე ორი დღით ადრე იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.
„საინტერესო შეხვედრა გავმართე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში რათა დააკვირდნენ ჩვენს არჩევნებს. მათ განსაკუთრებულ ყურადღების საგანს სწორედ რომ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება წარმოადგენს, როგორც არჩევნებამდე დანერგვის ნაწილში, ასევე, მათი გამოყენების ასპექტები კენჭისყრის დღეს. მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ისინი დედაქალაქში მოახდენენ დაკვირვებას. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები, ისევე, როგორც კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები და ინსტიტუციის მზაობა ამ მიმართულებით, რასთან დაკავშირებითაც მათ მივაწოდე დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
შეხვედრაზე მან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დეტალურად ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების, საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტზე. მისი თქმით, ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო აუდიტის განხორციელების თაობაზე, რაც ერთის მხრივ გამჭვირვალობას და საჯაროობას უზრუნველყოფს, პასუხს გასცემს ყველა კითხვას თუ წუხილს და მეორე მხრივ კი, უპასუხებს საერთაშორისო კარგ პრაქტიკას და სტანდარტებს.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.