ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია - მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები იყო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, აღნიშნულ არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციების და უწყების წინაშე დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებში. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესში ნეიტრალური და ობიექტური დაკვირვების მნიშვნელობის შესახებ.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. შეხვედრის ფარგლებში ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, რომელიც არჩევნების ადმინისტრირებას უკავშირდება. ვფიქრობ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი რეკომენდაციებისა და შეფასებების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ადმინისტრირებისთვის ახორციელებს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
თავის მხრივ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ ცესკოს თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიწოდა იმ დამკვირვებლების შესახებ, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდებიან. მან ასევე ისაუბრა სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებზე, რომელსაც ორგანიზაცია როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს.
ეუთო/ოდირის მისია, რომელიც დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, ოუენ მერფი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის უფროსის მოადგილე მარსელ ნაჯი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი მარცელა მაშკოვა, ანალიტიკოსი ანა მელიქიანი და ODIHR-ის საარჩევნო მრჩეველი/ოფიცერი საქართველოში ქსენია დაშუცინა.
შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
22.05.2026.14:23
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
საუბარი ასევე შეეხო შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობას მისი შემდგომი განვითარების მიმართულებით.
განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა რეგიონის ქვეყნების მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.