ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი ბრიფინგი 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება.
არჩევნების მოდერნიზება - ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპის წარმატებით დასასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობებს თითქმის 2 წელია ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. შესრულდა უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის - სხვადასხვა ტიპის საორგანიზაციო სამუშაოები, საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლებები საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, ამომრჩეველთა ინფორმირების უპრეცედენტო ფართომასშტაბიანი კამპანია, თანამედროვე საოპერაციო-სასაწყობე სივრცის შექმნა ტექნოლოგიებისთვის, ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის განხორციელება და სხვა არაერთი.
პროცესის ინკლუზიურობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ინსტიტუციაში შექმნილია 4 სამუშაო - დიალოგის პლატფორმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. აღნიშნულ ფორმატებში რეგულარულად ხორციელდებოდა შეხვედრები, რომლის ფარგლებში ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდების გარდა, განიხილებოდა ის მიგნებები თუ რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობაც მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია.
არჩევნების ორგანიზების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო არაერთი სამართლებრივი/ნორმატიული აქტი, რითაც ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის პროცესის გამარტივებას. საერთო ჯამში, არჩევნების დანიშვნიდან დღემდე მიღებულია 13 დადგენილება, ასევე კომისიამ მიიღო 228 განკარგულება, რომელთა უმრავლესობას ჰქონდა 13-ზე მეტი წევრის მხარდაჭერა.
სწორედ ზემოჩამოთვლილი აქტივობების განსახორციელებლად გაწეული საქმიანობისთვის და შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდი ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს და ყველა იმ ჩართულ მხარეს, რომელთაც ხელი შეუწყვეს საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მოდერნიზების პროცესში, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას.
საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით. ამასთან, მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს.
არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავ ჩართულ მხარეებს - პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას - მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, დააკვირდნენ არჩევნებს და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად.
კვლავ გამოწვევად რჩება დეზინფორმაცია და მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის და კენჭისყრის დღის დისკრედიტაციის მცდელობები უსაფუძვლო ბრალდებებით, სწორედ ამიტომ, მივმართავ ყველა ჩართულ მხარეს, რომ პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და მივაწოდოთ მათ სწორი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია, ჩვენი მხრივ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორებს ოპერატიულად და პროაქტიულად ჰქონდეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ვერიფიცირებული და სწორი ინფორმაცია.
შეგახსენებთ სიახლეს - საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. თქვენ აირჩევთ ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან მხოლოდ ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოთ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.
ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება.
ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.
პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი.
არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 54 000-ზე მეტი საარჩევნო ადმინისტრატორი, საიდანაც ნახევარზე მეტს, უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები წარმოადგენს, ხოლო დანარჩენს არაპარტიული ნიშნით, ე.წ. პროფესიული წევრები. შეგახსენებთ, რომ თითო კომისიაში 17 წევრიდან 8 არის არაპარტიული წევრი, ხოლო 9 - პარტიული, საიდანაც 1 არის მართველი პარტიის, ხოლო დანარჩენი 8 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული.
საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ჩატარდება, განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრ
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.