ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია - საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 454 837 ამომრჩეველი, რაც 41,62%-ს შეადგენს.
ძირითადად კენჭისყრა მშვიდ და პროფესიულ გარემოში გრძელდება. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს, საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში.
რაც შეეხება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობას. ამ დროისათვის დასრულებულია კენჭისყრა ავსტრალიაში. რამდენიმე ქვეყანაში კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას ადგილობრივი დროის შესაბამისად 08:00 საათიდან შეძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად წინასწარ გავრცელებული არასწორი და მანიპულაციური განცხადებებისა, თითქოს ისრაელში საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნებოდა, რამათ-განის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს. რასაც სწორედ ცესკოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შეუწყო ხელი. მათ შორის შეგახსენებთ რომ ცესკომ 11 ოქტომბრის დადგენილებით შესაძლებელი გახადა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, იმ შემთხვევაში თუ წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები იქნებოდა, გარდაქმნილიყო სპეციალურ ჯგუფად და ჩაეტარებინა კენჭისყრა. სწორედ სპეცჯგუფის სტატუსით ატარებს საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას ისრაელში.
ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 133 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა, საჩივარი უბნის გარეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით; აგიტაცია; უბნიდან გაძევება; დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის მათ და ექნება შესაბამისი რეაგირება.
გლდანში, მესამოცე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომისიამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, კენჭისყრა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს. თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია დაპირისპირება უბნის გარეთ გაგრძელდა. შეგახსენებთ რომ დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ წესრიგი საარჩევნო უბნის მიმდებარედ, იმისათვის რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
20.08.2026.13:31
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში, 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება. სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა. ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში, 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა", - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო.