ცესკოში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ჟურნალი მოწვეულ სტუმრებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა.
ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მისიასა და იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება. მისი თქმით, არჩევნების ადმინისტრირებასთან ერთად, დამოუკიდებელი საარჩევნო ინსტიტუციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, აღნიშნული მიმართულება განსაზღვრულია საარჩევნო ადმინისტრაციის 2023–2026 წლების სტრატეგიული გეგმით, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტსაც სწორედ საარჩევნო გარემოს განვითარება წარმოადგენს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საარჩევნო საკითხებზე პროცესში ჩართული მხარეებისა და ფართო საზოგადოების დროულ და სრულყოფილ ინფორმირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას შესთავაზებს.
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, გამოცემის მიზანია საარჩევნო საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საარჩევნო არქივის შექმნა (ცოდნის სისტემატიზაცია), საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად ზრდა. ჟურნალი მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიული სტანდარტების დაცვით მომზადებულ მასალას ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ბეჭდური, ისე ციფრული ფორმატით.
ჟურნალი „არჩევნები 360˚“ მომზადდა ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ და მოიცავს როგორც მუდმივ, ისე ცვლად რუბრიკებს. განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის - ამომრჩევლების, ახალგაზრდებისა და სტუდენტების, აკადემიური და ექსპერტული წრეების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების, მედიის წარმომადგენლებისა და ზოგადად, საარჩევნო საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
ჟურნალის პირველი ნომრის მთავარი თემაა ელექტრონული არჩევნები. მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს ამომწურავ ინფორმაციას, თუ რა გზა გაიარა საქართველომ არჩევნების მოდერნიზების პროცესში, ცესკოს თავმჯდომარის სვეტს, ინტერვიუებს ადგილობრივ და საერთაშორისო საარჩევნო მოხელეებთან და ექსპერტებთან, ასევე არჩევნების ისტორიის მიმოხილვას, საერთაშორისო გამოცდილებას და ა.შ.
ჟურნალის პრეზენტაციას დღეს პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
10.08.2026.13:08
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.
ყურადღება დაეთმო 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს განხორციელების პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ხუთწლიანი ჩარჩო-შეთანხმება, ერთი მხრივ, ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება, ხოლო, მეორე მხრივ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ასახავს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების სააგენტოების მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და თანმიმდევრული რეფორმების განხორციელებას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.