წინასწარი ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა პარლამენტში - კახა კალაძე
დღეს წყდება ჩვენი ქვეყანა ბნელ წარსულში დაბრუნდება, თუ შეინარჩუნებს მშვიდობასა და ღირსებას, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელი და შეუძლებელია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე.
მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სწორედ დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირსებას, რომლის გარეშე, ქვეყნის განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელი და შეუძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ 3 საათის მონაცემებით ფიქსირდება უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმატებას, არავითარ შანსს არ უტოვებს. ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, თუმცა, სჭირდება ბოლო ძალების მოკრება და საარჩევნო უბნებზე ქუდზე კაცის მოსვლა, იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ. ამისთვის, თითოეული ამომრჩევლის ხმას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ახლა არ გავაგრძელებ და არ ვიტყვი იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამაზე, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ძალიან ბევრი გვაქვს ნასაუბრები. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ბედი, ტრადიციული ფასეულობების დაცვა, საქართველოს მშვიდობიანი, ღირსეული და ნათელი ევროპული მომავალი - მოდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, რომელიც მოწოდებულია, ყველაფრის ფასად დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები, დაიცვას ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესები.
მოვუწოდებ ყველას, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. ვხედავთ, რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი კონკრეტული ტელევიზიებისა და კონკრეტული დაჯგუფებების კოორდინირებულ მცდელობას, ხელოვნურად არეულობა შეიტანონ არჩევნების მიმდინარეობაში, რათა შექმნან ყალბი აღქმა, არჩევნების მშვიდობიანი მიმდინარეობის წინააღმდეგ. ყველას შევახსენებ, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას, კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისკენ. თქვენ დღეს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა თქვენი უშუალო წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და წინსვლის საქმეში. დარწმუნებული ვარ, ამ შესაძლებლობით ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა ისარგებლებს “, - აღნიშნა კალაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
20.08.2026.13:31
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში, 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება. სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა. ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში, 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა", - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო.