თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავენ, რა პრეტენზია აქვთ პოლიტიკოსობაზე - კახა კალაძე ოპოზიციის მოთხოვნაზე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკომისიის დათქმა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, რა თქმა უნდა, შესრულდება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ტარდება.
„რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები ასეთ გარემოში ტარდებოდა და ამაზე შესაბამისი დასკვნებიც მეტყველებს. 2024 წლის არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას წარუდგინოს თავისი ხედვა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება.
„არ ვაპირებთ ამის გადახედვას. ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ, რომ მხარდაჭერა გვაქვს, ძლიერი პოლიტიკოსები ვართო. აგერ არის 5%-იანი ბარიერი და გადალახონ. თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე? ეს ბარიერი დარჩება და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მიიღებენ ხმებს იმის მიხედვით, ვის როგორი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.