თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თვისებრივად გარდაიქმნას კონკრეტული სექტორი, არის საქართველოს რკინიგზა, სადაც განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ოპტიმიზაცია - ირაკლი კობახიძე
თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თვისებრივად გარდაიქმნას კონკრეტული სექტორი, არის საქართველოს რკინიგზა, სადაც განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ოპტიმიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაცია - 1100 ერთეულით შემცირდა მთლიანობაში საშტატო ნუსხა რკინიგზაში და ყოველწლიურმა დანაზოგმა 25 მილიონი ლარი შეადგინა.
„ეს თანხები მთლიანად იქნება მიმართული მომავალში რკინიგზის განვითარებაში, რაც ეკონომიკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე შესყიდვების ოპტიმიზაციის და საკონტრაქტო ღირებულების შემცირებით დაიზოგა 190 მილიონ ლარზე მეტი. ამის ერთ-ერთი ბოლო თვალსაჩინო მაგალითი იყო ვაგონების შესყიდვა. მთლიანობაში ჩვენ უკვე შევისყიდეთ 200 ვაგონი, მომდევნო თვეების განმავლობაში დაგეგმილია დამატებით 200 ვაგონის შესყიდვა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, შუამავალი კომპანიის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო ეს შესყიდვა, თუმცა იმუშავა საქართველოს რკინიგზამ და პირდაპირ უშუალოდ უცხოური კომპანიისგან შეისყიდა ვაგონები, რის შედეგადაც ჯამურად 400 ვაგონზე დანაზოგი შეადგენს 15 მილიონ ლარზე მეტს. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომის გამოხატულება. ხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ამ ცვლილებებს აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, მათ შორის ეს ყველაფერი გამოიხატება იმითაც, რომ სახელმწიფოს ეზოგება ათეულობით და ასეულობით მილიონი ლარი სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, რკინიგზის მოძრავ შემადგენლობას დაემატება 50-მდე ახალი ლოკომოტივი.
„ასეთი რამ არ გაკეთებულა 90-იანი წლების დასაწყისიდან, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ასევე დამატებით იგეგმება 1800 ახალი ვაგონის და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შეძენა, ეს თვისებრივად გარდაქმნის რკინიგზის რესურსებს, რაც არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის. ასევე შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ბაქო-თბილისი ყარსის ახალი რკინიგზა, რაც ჩვენი საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ასევე 6-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა თბილისსა და ბაქოს შორის, რასაც ასევე ჰქონდა ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა. დასრულდა ისტორიული მოდერნიზაციის პროექტი რკინიგზაში შედეგად გამტარუნარიანობა სერიოზულად გაიზარდა და ასევე ქვეყნის გადაკვეთის დრო განახევრდა, რასაც თავადაც განსჯით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებისათვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდა 5,5 საათიდან 4 საათამდე.
„ესეც ნიშნავს რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტ კომფორტს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის. ისტორიული "კუკუშკის" აღდგენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ასევე თბილისი-ახალციხის სარკინიგზო ხაზი იყო სრულიად უფუნქციო, გაჩერებული, აღდგება და რაც იყო მანამდე გადაადგილების დრო 6 საათი, ეს დრო შემცირდება 3 საათამდე. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სათანადო ვადებში განხორციელდება. გაციფრულდა სარკინიგზო სერვისები და სასაზღვრო პროცედურების დრო შემცირდა 15 საათიდან 2 საათამდე. 7,5-ჯერ არის შემცირებული პროცედურების დრო, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის სათანადო რეალიზებისათვის. რკინიგზის წმინდა მოგება - რომ შევადაროთ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემები გასული წლის 9 თვის მონაცემებს, არის გაორმაგებული, ეს არის კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რაც მივიღეთ ჩვენ რკინიგზის სფეროში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.