უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე - დავით კეზერაშვილი
ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უარს აცხადებს ტელეკომოანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის ფლობაზე.
როგორც კეზერაშვილის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ის საკუთარი წილის ნახევარს კოლექტივს გადასცემს.
მისივე თქმით, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ ტელეკომპანიის კოლექტივს დარჩენილ წილსაც გადასცემს.
„მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას.
როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება.
თუმცა ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია „ფორმულას“ მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია).
გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს.
მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, ფორმულას კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში", - წერია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.