უკრაინაში ომი აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა მიუღწეველია, თუ არ გავრცელდება ლისაბონიდან თბილისამდე - სალომე ზურაბიშვილი
ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე; რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ შემოგიერთდეთ ამ გადამწყვეტ დღეს და საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა. დღეს სამიტი კიდევ ერთხელ იკრიბება უკრაინის 18-თვიანი წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთის ბოლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.
ეს ომი რუსეთის იმ უცვლელი მცდელობების გაგრძელებაა, რომელიც მეზობლების გაყოფის, ოკუპაციის, დაპყრობის, მუქარებისა და იმპერიული ძალების ისტორიულ რეალობას შეესაბამება.
ის, რაც დღევანდელ ევროპაში კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად ჩნდება და ამ ბარბაროსული ანაქრონიზმის წინააღმდეგ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.
ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა – გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია – ზღვა, რომელიც არ შეიძლება, დაექვემდებაროს იმ ძალას, რომელიც მზადაა, საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს.
ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია, თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე – ლისაბონიდან თბილისამდე. ის ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა, რომელიც რუსეთს უარს ათქმევინებს იმპერიულ ქცევაზე, რაც ერთადერთი სტაბილური საფუძველი იქნება ახალი და ჯანსაღი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ვინაიდან უკრაინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას გააგრძელებს, რასაც 2022 წლის თებერვლიდან აკეთებს.
„ეს ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვას მომავალი უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა ხალხმა ზეწოლის, მუქარისა და მრავალმხრივი პროვოკაციების ახალი ტალღის ფონზე (რაც ჰიბრიდულ ომს უტოლდება) აჩვენა თავისი მკაფიო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და დარჩეს თავისი ერთადერთი პერსპექტივის ერთგული.
ამდენად, ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება.
ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ თქვენი ხალხის გამძლეობით უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან, დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს და გახდება ხვალინდელი უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საყრდენი. საქართველო იქნება თქვენთან ისევე, როგორც ახლა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ყირიმის სამიტში გასულ წელსაც ონლაინ ფორმატში მონაწილეობდა.
ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას,
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2026.17:37
2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.