უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა სამ წლამდე შეეძლებათ
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა სამ წლამდე შეეძლებათ. მთავრობის №147 დადგენილების მიხედვით, „უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება“.
საუბარია უკრაინის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შემოვიდნენ და საქართველოში ცხოვრობდნენ.
უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებმაც ვერ მოახერხეს 2024 წლის 24 თებერვლამდე ორწლიანი ვადის გახანგრძლივება, დამატებითი ჯარიმების გარეშე კიდევ ერთი წელი შეძლებენ ქვეყანაში დარჩენას.
მთავრობის დადგენილებაში ასევე წერია, რომ „დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“.
რეალურად აღნიშნული დადგენილებით ირაკლი კობახიძის მთავრობამ უკრაინის კონკრეტულ მოქალაქეებს ქვეყანაში ყოფნა გაუხანგრძლივა.
დღემდე არსებული რეგულაციით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა 2 წლის განმავლობაში შეეძლოთ, ცვლილება მთავრობამ 2023 წლის თებერვალში დაამტკიცა. თუმცა მანამდე არსებული რეგულაციით, უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ დარჩენა მხოლოდ 1 წელს შეეძლოთ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.