უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის არანაირი საჭიროება არ არსებობდა - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გუშინ, რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.
„ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და იქმნება საჭიროება უშიშროების საბჭოს მოწვევის, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და პრეზიდენტისთვისაც გახდება ცნობილი. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო არ არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრეზიდენტის უფლებამოსილებაც ვიცით, თუ როგორ არის განაწილებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საზღვრების კონტროლს, როგორც თბილისის მერმა აღინშნა, ყველა შესაბამისი სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა.
„რაც შეეხება საზღვრების კონტროლს, არსებობს შესაბამისი სამსახურები. გუშინ შსს-მ გააკეთა განცხადება, სადაც ყველაფერი იყო ნათქვამი. შესაბამისად, ყველა სამსახური, რომელსაც ევალება აღნიშნული მიმართულების კონტროლი, ზედამხედველობა, არის მოწოდების სიმაღლეზე. თუ რაიმე საფრთხე იქნება, გადადგმული იქნება შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებში იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, ქვეყნის შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებებს იღებენ არა ემოციების კარნახით, არამედ უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„დავიწყოთ იმით, რომ ბევრი „ფეიკი“ და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა. აქედან გამომდინარე, ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არასწორია. მერწმუნეთ, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე თქვენ, მე და ნებისმიერ მოქალაქეს. შესაბამისად, როდესაც ხდება უშიშროების საბჭოს მოწვევა ან ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ეს რა თქმა უნდა, ხდება კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელიც არის უტყუარი. კეთდება სწორი ანალიზი და ამის შემდეგ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. ამიტომ, არასწორია, შემოვიფარგლოთ სოცმედიაში და ზოგადად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც გაუგებარია, ვის რა ინტერესი აქვს და ვინ რა ინტერესით აშუქებს სხვადასხვა საკითხს. არ უნდა ავყვეთ ემოციებს. თუ ჩვენს წარსულს და უახლეს ისტორიას გადავხედავთ, ემოციებით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ბევრი გვაქვს სამწუხაროდ და ამ გადაწყვეტილებებმა ათეული წლობით დახია ჩვენი ქვეყანა უკან. ამიტომ არ გვჭირდება ემოციები, გვჭირდება ცივი გონება, მსჯელობა, სწორი ანალიზის გაკეთება და შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.