უსაფუძვლო ბრალდებების არაერთგზის ტირაჟირება საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობაა - ცესკო EPDE-ს განცხადებაზე
საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ EPDE-ის მორიგი დეზინფორმაციული განცხადება კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს ორგანიზაციის ობიექტურობასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციის მოწოდებები ცესკოს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, მის კომპეტენციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ვინაიდან წარმოუდგენელია, ორგანიზაციამ, რომელიც როგორც მინიმუმ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა საქართველოში, არ იცოდეს, რომ არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაციის კრიტერიუმები და მათი უფლებები საჯაროა და განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. იგივე შეიძლება ითქვას იმ ხარჯებთან მიმართებაში, რომელიც ცესკოს მიერ მოწვეულ საზღვარგარეთის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა ვიზიტებს უკავშირდება. აქ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებზე დაკვირვებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, როგორც წესი, იწვევს მხოლოდ მის კოლეგებს საზღვარგარეთიდან და არა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ამ პრაქტიკის შესაბამისად მონაწილეობს საქართველოს ცესკოც მსგავსი ტიპის არაერთ მისიაში - ეს ფაქტიც კომპეტენტურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უნდა იცოდეს.
გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება EPDE-ს კიდევ ერთი მოწოდება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, სადაც ის ითხოვს რომ ცესკომ „რეკომენდაცია გაუწიოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სტანდარტებზე დაფუძნებული მისიის გარეშე განხორციელებული საჯარო თვისებრივი შეფასებებისგან“. გვინდა შევახსენოთ EPDE-ის წარმომადგენლებს, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების მოწვევა არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო კარგი პრაქტიკაა. თუმცა, მაგალითად გასულ წელს, მაშინ, როცა EPDE თავად აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს, აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია და არც რაიმე ტიპის დარღვევად ჩაუთვლია. აქედან გამომდინარე, გაუგებარია რატომ იქცა პრობლემად დღეს ის, რაც გასულ წლებში არ მიიჩნეოდა ასეთად. უფრო მეტიც, EPDE-ს ე.წ. „ფეიქ დამკვირვებელთა“ სიაში მოხვდნენ ჩვენი კოლეგები საზღვარგარეთიდან, რომლებსაც მისიის ფარგლებში საერთოდ არ გაუკეთებიათ რაიმე ტიპის შეფასება, ნაწილმა კი მხოლოდ პროფესიული კუთხით, ტექნიკურ ნაწილში შეაფასა პროცესი. ამდენად გაუგებარია, რომელი სტანდარტით ხელმძღვანელობს EPDE, როცა ჩვენ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან „ფეიქ დამკვირვებლებად“ მოიხსენიებს, თუნდაც მხოლოდ მათი ქვეყანაში ყოფნის ფაქტის გამო.
ცესკოს მიმართ EPDE-ს კიდევ ერთი მოწოდებაა ,,შეუერთდეს დაინტერესებულ მხარეებს დროული და სრულმასშტაბიანი ODIHR-ის მოწვევების წასახალისებლად და მომავალ საარჩევნო ციკლში ძლიერი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების სადამკვირვებლო პროცესის ხელშესაწყობად“. კომპეტენტურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით ოდირის მოწვევა სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას. ამის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ეთანამშრომლა მისიასთან. აქვე გვინდა შევახსენოთ EPDE-ს წარმომადგენლებს, რომ ქართული არჩევნების ისტორიაში ყოფილა პრაქტიკა (2008 წ.), როცა ეუთო/ოდირს სადამკვირვებლო მისიამ ქვეყანაში ჩამოსვლა და საარჩევნო პროცესზე დაკვირვება დაახლოებით იმ ვადებში შეძლო, რა ვადაც მათ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ჰქონდათ მისიის ფორმირებისთვის.
ამასთან, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია განსხვავებით თავად EPDE-სგან, არ ახდენს სადამკვირვებლო ორგანიზაციების სეგრეგაციას რაიმე ნიშნით. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ გაუგებარია, რატომ მიიჩნევს EPDE „ძლიერ“ სადამკვირვებლო ორგანიზაციად მაგალითად ISFED-ს, რომელმაც როგორც ყველასთვის ცნობილია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლის არასწორი შედეგი გამოაქვეყნა, ხოლო 2024 წელს, როცა ნათელი გახდა, რომ მისი მონაცემი ოფიციალურ მონაცემებთან თანხვედრაში იყო, საერთოდ არ გამოაქვეყნა ის. ისმის კითხვა - იმიტომ ხომ არ არის ISFED მათთვის უპირობოდ სანდო, რომ ის EPDE-ს წევრია. საინტერესოა, რომელ საერთაშორისო სადამკვირვებლო სტანდარტს აკმაყოფილებს პარალელური დათვლის შედეგებით მანიპულირება, ისევე როგორც საინტერესოა დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა წუხილი EPDE-ს და გამოხატა თუ არა ეს რაიმე საჯარო ფორმით.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციას ახორციელებს კანონის დაცვით და 4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა მსურველს, ვინც კანონით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, ჰქონდა საშუალება დაკვირვებოდა საარჩევნო პროცესს. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ ამ საკითხით მანიპულირება და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა, მათ შორის მათი „ფეიქ დამკვირვებლებად“ მოხსენიება, პროცესის მიზანმიმართულ დაზიანებას ისახავს მიზნად.
შევახსენებთ EPDE-ს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა მაღალპროფესიულ დონეზე და მას აკვირდებოდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგები აღიარეს მასში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს EPDE-ს — იმოქმედოს საკუთარი სახელწოდებისა და დეკლარირებული ღირებულებების შესაბამისად: უზრუნველყოს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და პატივი სცეს სახელმწიფოთა სუვერენულ ინსტიტუციებს.
აღვნიშნავთ, რომ EPDE-ს განცხადებები ვერ ჩაითვლება სანდოდ და აღიქმება როგორც საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა, რათა გადაიფაროს წარმატებით ჩატარებული არჩევნები და შეარყიოს საზოგადოების ნდობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნების ლეგიტიმურობის მიმართ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.