უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში არის 1,2 მლრდ ლარი და მათ ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე - პრემიერი
მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი,, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.
პრემიერის თქმით, ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის და საქმიანობის მიხედვით - სასწავლო ბინადრობის ნებართვით საქართველოში სარგებლობს 35 000 სტუდენტი. დამატებით 2000 სტუდენტი იმყოფება სხვა საფუძვლით, სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვით საქართველოში. 37 000 სტუდენტიდან 35 040-ს აქვს მინიჭებული სასწავლო ბინადრობის ნებართვა. სასწავლო ბინადრობის ნებართვის წილი საერთო მაჩვენებელში არის 32,65%.
რაც შეეხება უშუალოდ განათლების სფეროს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უცხოელი სტუდენტების ყოფნა საქართველოში, მინდა გაგიზიაროთ ეკონომიკური მონაცემები - ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში არის 1,2 მლრდ ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ამის შედეგად ჩვენს ბიუჯეტში ყოველწლიურად შემოდის 300 მლნ ლარი, მხოლოდ უცხოელი სტუდენტების ყოფნის შედეგად, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ გახსოვთ, რომ კონკრეტული სუბიექტები, მაგალითად USAID-ი წელიწადში 100 მლრდ დოლარს გვამადლიდა, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ ხმარდებოდა ქვეყნის განვითარებას, მითუმეტეს, არც ბიუჯეტში შემოდიოდა. მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქ გადახედვის არც საჭიროება და არც მიზანშეწონილობაა“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს
23.10.2026.16:33
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რადეკ ვონდრაჩეკს და ამავე კომიტეტის წევრებს, ასევე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჩეხეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, რობერტ კრალიჩეკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, არსებული გამოწვევები და ურთიერთობების გადატვირთვისთვის გადასადგმელი ნაბიჯები.
დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის აღდგენისთვის საქმიანი, კონსტრუქციული და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მნიშვნელობას, რასთან დაკავშირებითაც ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რადეკ ვონდრაჩეკმა გამოხატა თანამშრომლობის და დიალოგის მზაობა.
ამასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგარეო ჩარევებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს და ჩეხეთის მიერ მიღებულ თუ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში მოქმედ გამჭვირვალობის კანონმდებლობას.
ჩეხეთის პარლამენტის წევრების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები.
მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა და გამოხატეს მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.