ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური მიმართვას ავრცელებს.
„საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი და საამაყოა ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვრჩები ამ გუნდის ერთგული.
მომავალშიც, ნებისმიერ დროს, მზად ვარ გვერდში დავუდგე სახელმწიფოს და მმართველ გუნდს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიკავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს. რასაკვირველია, ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ მომცა შესაძლებლობა, უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. მისი ნდობა და მაგალითი მაძლევდა განსაკუთრებულ სტიმულს, კეთილსინდისიერად მეკეთებინა ჩემი საქმე და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და მთლიანად, სამთავრობო გუნდს, რომლის თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი და რომელიც ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ გმირ პოლიციელს, მეხანძრე-მაშველს, ყველას, ვისთან ერთადაც ვზრუნავდი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მრავალი წლის განმავლობაში.
წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს და მომავალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში. ვრჩები ჩემი ქვეყნისა და გუნდის ერთგული. ჩემს ქვეყანას და ხელისუფლებას მშვიდობას, უსაფრთხოებას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას ვუსურვებ“, - პატივისცემით, პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური.
გომელაურის წერილს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.