,,ვეტინგის’’ მოთხოვნა არის დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვა მართლმსაჯულების სისტემაზე - უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის - ე.წ. ,,ვეტინგის“ სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით, განცახებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:
„ნათელია, რომ ე.წ. ,,ვეტინგი“ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს ,,კეთილსინდისიერების’’ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტოლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე.
უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა მიმართ გარეგანი ზეწოლის როგორც მითითებული შინაარსი, ისე ამ მასშტაბით განხორციელება, საამისოდ გათვალისწინებული ფაქტობრივი მოცემულობის არარსებობის პირობებში, ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ აღნიშნული წარმოადგენს თითოეული მოსამართლისადმი ინდივიდუალურად მიმართულ გზავნილს-შესაბამისი დღის წესრიგით გაცხადებული პოლიტიკური კონტროლისათვის დაქვემდებარებაზე უარის გაცხადების პირობებში-მათ მიმართ შემოწმების საგანგებო მექანიზმების გავრცელება/გამოყენების დაშვების თაობაზე.
სასამართლოში მუდმივი დაძაბულობის კლიმატის შექმნა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს თითოეული მოსამართლის ინდივიდუალურ საქმიანობაზე. ამგვარ პირობებში კი ნიშანდობლივია მცდელობა, რომ საერთო სასამართლოების სისტემის ყურადღება, მართლმსაჯულების განხორციელების საკვანძო ფუნქციის განხორციელების ნაცვლად, მიმართული იყოს ისეთი პროცესებისკენ, რომელიც თავისი შინაარსით არასამართლებრივია და წმინდა პოლიტიკური ხასიათის შემცველია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღეს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვით, განსაკუთრებული სიზუსტით და მომეტებული სიფრთხილით მოწმდება თითოეული მოსამართლის კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და მოსამართლის მაღალ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხები, რისი მაგალითიც გახლავთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის უპრეცედენტო პროცესი, რომელსაც პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებდა ქვეყნის მოსახლეობა. ე.წ. ,,ვეტინგის’’ ინიციატორები მიზანმიმართულად კვლავ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიიჩნევენ ე.წ. ,,ვეტინგის“ ადრესატებად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსამართლე, ყოველწლიურად ავსებს რა დეკლარაციას, რომელიც საჯაროა, ქმნის სავსებით საკმარის საინფორმაციო ბაზას მისი ქონებრივი მდგომარეობის სრულფასოვანი მონიტორინგისათვის. ამას ემატება არასამთავრობო სექტორის შერჩევით ცალკეულ მოსამართლეთა დეკლარაციების სპეციალური მონიტორინგი.
არსებულ მოცემულობაში, ე.წ. ,,ვეტინგის’’ მოთხოვნა არის დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვა მართლმსაჯულების სისტემაზე. ცხადია, რომ მითითებული აქტორების მოჭარბებული ინტერესი და მათი დღის წესრიგი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს ლეგიტიმაციის შესუსტებას და მართვის მექანიზმების სასამართლოს მიღმა გატანას.
საქართველოს უზენაესი სასამართლო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში არც მოსამართლეთა კეთილსინდისიერება თუ კვალიფიკაცია, არც მართლმსაჯულების ხარისხი და არც გადაწყვეტილებათა დასაბუთების სტანდარტი არ მიუთითებს სამართლის უზენაესობის პრობლემის არსებობაზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, საერთაშორისო პრაქტიკამ თვალნათლად აჩვენა, მსგავსი ე.წ. ,,საგანგებო პროცედურების შედეგი“, სამართლის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების ნაცვლად ამ პრინციპის მოსპობა.
და ბოლოს, ნათელია, რომ ე.წ. ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.