ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, დაჭრილი, ან ჩაფლული, ვერტმფრენს რომ არ შესძლებოდა, მაშველები შევიდოდნენ და აუცილებლად ამოიყვანდნენ - ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება, ჟურნალისტებთან მისი გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა ვერტმფრენებთან დაკავშირებით.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი იმაზე, რომ სტიქიის ზონაში ვინმეს გადარჩენის შანსი იყო და მას არ უშველეს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გარდა ვერტმფრენებისა, ადგილზე მაღალტექნოლოგიური დრონებითაც მუშაობდნენ. გომელაურის თქმით, ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან მიწის მასაში მოყოლილი, მაშველები აუცილებლად გამოიყვანდნენ.
„მინდა ჩემი გუშინდელი განცხადება განვმარტო ვერტმფრენებზე, რომელზეც აჟიოტაჟი ატყდა. მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ, რომ ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვყავს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალება. შეუძლია ვთქვათ თბილისის აეროპორტიდან აფრინდეს და ჩაფრინდეს ქუთაისში, ან სხვა აეროპორტში, საიდანაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს, მაღალ სიმაღლეზე. შეუძლია ასევე ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილას. სადაც არის მთები და რაც მოხდა აქ, ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით ექვსი საათისთვის, 5 წუთზე არ გამომეკიდოს არავინ. გუშინ რომ გამოხტნენ და ატეხეს ამბავი. მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათ, ვინც გუშინ განცხადებები აკეთეს რაღაც უაზრო. ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე და ხალხის გამოყვანა დაიწყო, იმ ხალხის, რომელიც კუნძულზე მოხვდა, დაახლოებით 70 ადამიანამდე. ეს ხალხი გამოიყვანეს და ამასთან ერთად მუშაობდა რამდენიმე დრონი თავისი სითბურებით, რომელიც ვერტმფრენზე ბევრად უკეთ ხედავს. მუშაობდა 5-6 მაღალტექნოლოგიური დრონი დაბალ და მაღალ სიმაღლეებზე. კითხვას ვსვამ, ვერტმფრენიდან უფრო დაინახავდა პირობითად ღამე, თუ ღამის ხედვით და სითბური დრონებით?! ის, რომ ადამიანი იყო ჩარჩენილი, დღის შუქზევე დათვალიერდა ტერიტორია, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, ვგულისხმობ, რომ ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან დაჭრილი, ან ჩაფლული, ვერტმფრენს რომ არ შესძლებოდა, ბიჭები შევიდოდნენ და აუცილებლად ამოიყვანდნენ. მადლობა მაშველებს კიდევ ერთხელ რაც გააკეთეს“, - განაცხადა გომელაურმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.