ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულო ბოიკოტს უცხადებს მოსახლეობას და აფერხებს სერვისების მიწოდებას - მამუკა წოწერია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას ოპოზიციური საკრებულო მიზანმიმართულად აფერხებს.
კერძოდ, მერია, საკრებულოს ბოიკოტის გამო, ვერ ახერხებს მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დარჩენილი ნაშთის 5 368 300 ლარის 2025 წლის ბიუჯეტში ასახვას. მერიის ინფორმაციითვე, იმის გამო, რომ ბიუჯეტში თანხა ასახული არ არის, მერია მთელ რიგ პროექტებს ვერ ახორციელებს. ნაშთის დაზუსტების მიზნით, მერიამ არაერთხელ მიმართა საკრებულოს, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო საკრებულო ვერ იკრიბება და შესაბამისად, ნაშთების დაზუსტება ვერ ხერხდება. აღნიშნული გარემოების გამო პარალიზებულია მერიის სახაზინო საქმიანობა, შეწყვეტილია ტრანზაქციები, რაც მერიის სრულფასოვან მუშაობას აფერხებს.
საკრებულოს წევრების ქმედებას ზუგდიდის მერი მიზანმიმართულ ხელშეშლად აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ამით ზუგდიდის მოსახლეობას აზარალებს.
„უკვე კვირაზე მეტია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ, კვორუმის არარსებობის გამო არ ახდენს 2024 წლიდან გარდამავალი ნაშთების 2025 წლის ბიუჯეტში დამტკიცებას, რაც იწვევს სახაზინო საქმიანობის შეფერხებას, ყველა ტრანზაქცია შეჩერებულია, შესაბამისად მერიის კონტრაქტორებთან აღებული ვალდებულებების გასტუმრება ვერ ხერხდება, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სხვადასხვა პროექტების მიმართულებით. რა თქმა უნდა, საუბარია ასევე სოციალური სახლების მშენებლობაზე, რომლის განხორციელება უკვე დაიწყო და შემსრულებლებთან ანაზღაურება ვერ ირიცხება. ვერ მოხერხდება ვერც კომუნალური გადასახდელების გადახდა“, - აცხადებს ზუგდიდის მერი.
მამუკა წოწერია ოპოზიციას მოუწოდებს, შეწყვიტონ ბოიკოტი საკუთარი მოსახლეობის მიმართ და ვიწრო პარტიული ინტერესების ნაცვლად, საზოგადოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელონ.
„ერთი შეკითხვა მაქვს საკრებულოს მიმართ, რომლის უმრავლესობასაც ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ - ვის უცხადებენ ბოიკოტს, საკუთარ თავს თუ მოსახლეობას? ალბათ, უფრო მოსახლეობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იჩაგრება ჩვენი საზოგადოების ინტერესები, ამიტომ, მოვუწოდებ მათ, ის ტექნიკური პროცედურა, რომელიც მათი უფლებამოსილებაა, განახორციელონ. ამ საკითხთან დაკავშირებით მერიამ დეტალური განმარტება გააკეთა. ასევე, გავლილია საკრებულოს შესაბამისი საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის სხდომა, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გასვლას. შესაბამისად, იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესებით და არა ვიწრო პარტიული ინტერესებით და მიიღონ ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იქნეს დაცული“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა.
ზუგდიდის მერია მოუწოდებს საკრებულოს წევრებს, გამოიჩინონ გონიერება და იმოქმედონ მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე. მერიის ინფორმაციითვე, ერთადერთი პარტია, რომელიც საკრებულოს სხდომებზე ცხადდება, „ქართული ოცნებაა“. საკრებულოს სხდომებზე გახარიას პარტია ნაწილობრივ არის წარმოდგენილი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრები სხდომებს არ ესწრებიან. ზუგდიდის საკრებულოში ყველა თანამდებობა სწორედ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს აქვთ გადანაწილებული.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.