ზურაბ აბაშიძე: სადიზმი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ეს დადასტურებული ფაქტია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ დეგრადაციას განიცდიან და აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ.
„მაქვს განცდა, რომ სხდომიდან სხდომამდე ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები უფრო და უფრო მეტად განიცდიან პოლიტიკურ დეგრადაციას. თბილისის ბიუჯეტი იზრდება და ეს ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლები კი გამოდიან და ამბობენ, რომ არაფერიც არ იზრდება და რომ მთავრობა იპარავს ამ ფულს. საოცარ მდგომარეობაში იგდებენ თავს. მერე არჩევნებში დამარცხდებიან და იტყვიან, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური და ის გაყალბდა. თუ გაქვთ სურვილი, რომ ამგვარ რეალობაში იცხოვროთ, იცხოვრეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. აქ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც საკმაოდ მძიმე პოლიტიკური წარსული აქვთ. დღეს ჩვენ აქ ვისმენდით გამოსვლებს იმის შესახებაც, რომ თითქოს ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები ფინანსდებიან იმისთვის, რომ იქცნენ ზონდერებად და ხალხი სცემონ ქუჩაში. ეს თქვენი წარსულია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ადამიანებს მათ დროს ხვდებოდნენ ქუჩებში, სცემდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ. სადიზმი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ეს დადასტურებული ფაქტია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დასძინა, რომ რაც არ უნდა გამოეყონ „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ადამიანები და გადაჯგუფდნენ, იქნება ეს ნიკანორ მელიას მხარე, გვარამიას მხარე თუ ვაშაძის მხარე, მნიშვნელობა არა აქვს, კოლექტიურად ყველა არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ერთი სახეა, ყველას აქვს ერთი პოლიტიკური წარსული. ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდით ადამიანებს. იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადოთ, მოინანიოთ, აბსურდულ ბრალდებებს აჟღერებთ და არ გრცხვენიათ. თქვენ ხართ ძალადობის, სადიზმის და ყველაფერი უმსგავსობის მაგალითი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.