ზურაბ აბაშიძე: “საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან პირობებში თვითონ გადაწყვიტოს, როგორ გზას აირჩევს ევროპული მომავლისკენ”
სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დეკლარაცია დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას შეეხება.
აღნიშნულთან დაკავშირებით კონგრესის მონაწილეების წინაშე სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე გამოვიდა, რომელმაც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე, ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ევროპული დემოკრატიის ღირებულებების ერთგულებით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა, ასევე, საარჩევნო პროცესების დაკვირვების მიზნით, უკვე აკრედიტებულია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
„ძალიან ვაფასებთ, რომ ეს ფაქტები დადებითად შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლებისა და დიპლომატიური მისიების მხრიდან. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ზრუნვას მშვიდობიან წინასაარჩევნო პროცესზე, როგორც ეს ეუთო-ს მიერ იქნა აღნიშნული. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან პირობებში თვითონ გადაწყვიტოს, როგორ გზას აირჩევს ევროპული მომავლისკენ. საქართველომ დიდი ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება ევროპულ ოჯახში დაბრუნების შესახებ, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჩვენი ღირებულებები ევროპულთან ყველაზე ახლოსაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ საერთო ინტერესები ევროპელ პარტნიორებთან უფრო ძლიერია, ვიდრე განსხვავებები შეხედულებებში. ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობის გაგრძელებას როგორც ადგილობრივი დემოკრატიის, ისე ზოგადად, დემოკრატიული ღირებულებების განვითარების სასიკეთოდ“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.